საქართველოს საპატრიარქო - მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლის ინტერვიუში დატოვებული ორაზროვნება მუქარის შინაარსს იძენს

საპატრიარქოს შეფასებით, გადაცემაში “ეკლესია და მსოფლიო” მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარის, მიტროპოლიტ ილარიონის ინტერვიუში დატოვებული ორაზროვნება, მუქარის შინაარსს იძენს. საპატრიარქო ასევე მიიჩნევს, რომ მიტროპოლიტმა ილარიონმა სრულიად არასწორად გააკეთა აქცენტი კრეტის კრებაზე და დიპტიხთან დაკავშირებით.

ამასთან, როგორც საპატრიარქო აცხადებს, მათ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებმა მოსკოვიდან შეატყობინეს, რომ ისინი მიტროპოლიტ ილარიონს შეხვდნენ და ინტერვიუსთან დაკავშირებით განმარტება სთხოვეს.

“გადაცემაში “ეკლესია და მსოფლიო” მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარის, მიტროპოლიტ ილარიონის (ალფეევი) ინტერვიუს იმ ნაწილმა, სადაც მეუფე საქართველოს თემატიკას ეხება, მძიმე შთაბეჭდილება დატოვა მთელს საზოგადოებაზე, რადგან იგი აღქმულ იქნა ერთგვარ უხეშ ზეწოლად და დავალდებულებად.

ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, საქართველოს მხრიდან უკრაინის ახლად გამოცხადებული ეკლესიის აღიარების შემთხვევაში, მოჰყვება თუ არა მოსკოვის საპატრიარქოსაგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში საეკლესიო სტატუსის გადახედვა, მიტროპოლიტმა ილარიონმა პირდაპირი პასუხი არ გასცა და ნაცვლად ამისა, ბუნდოვნად ისაუბრა საქართველოს ეკლესიისთვის მოსალოდნელ საფრთხეებზე.

მაშინ, როდესაც, ცხინვალის რეგიონში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე, ჩვენთან სრულიად შეუთანხმებლად, შენდება ტაძარი, ხოლო აფხაზეთის ტერიტორიაზე პერიოდულად საეკლესიო მსახურებას არაკანონიკურად აღასრულებენ რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში მოქმედი სასულიერო პირები, ინტერვიუში დატოვებული ორაზროვნება, ბუნებრივია, მუქარის შინაარსს იძენს.

შევნიშნავთ იმასაც, რომ მიტროპოლიტმა ილარიონმა, სრულიად არასწორად გააკეთა აქცენტი კრეტის კრებაზეც და დიპტიხთან დაკავშირებითაც.

მან თქვა, თითქოს ჩვენდამი სოლიდარობაც იყო მიზეზი იმისა, რომ რუსეთის ეკლესია ამ კრებაზე არ წავიდა. ჩვენ არ ვიცით, რა მიზეზებმა განაპირობა მათი გადაწყვეტილება, მაგრამ ფაქტი ერთია, საქართველოს ეკლესიას თავისი პოზიციის გამო მხარდსაჭერად არავისთვის მიუმართავს.

ასევე ის, რომ მოსკოვის საპატრიარქო დიპტიხში მე-6 ადგილზე გვიხსენიებს, ხოლო კონსტანტინოპოლი - მე-9-ზე, არ ნიშნავს, რომ ამის გამო მოსკოვის საპატრიარქოს პოზიცია სავალდებულოდ გასათვალისწინებელია.

როგორც კრეტის კრებასთან მიმართებაში, ასევე უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ეკლესია ყოველთვის ცდილობდა პოზიცია არ განესაზღვრა პოლიტიკური ნიშნით და პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, არამედ ეყრდნობოდა და ეყრდნობა საეკლესიო კანონიკასა და სახარებისეულ სწავლებას. ვხელმძღვანელობთ რა ამ პრინციპით, დღეს არსებულ ვითარებაში, ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობისამებრ, ვზრუნავთ მართლმადიდებელთა ერთობისათვის და დაძაბულობის განმუხტვისათვის, რაც მიგვაჩნია პირველი რიგის ამოცანად ყველა ეკლესიისთვის.

P.S. როგორც ახლახან საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებმა მოსკოვიდან შეგვატყობინეს, ისინი შეხვდნენ მიტროპოლიტ ილარიონს და სთხოვეს განმარტება ინტერვიუსთან დაკავშირებით. მეუფის განცხადებით, საშიშროებაში იგი გულისხმობდა იმ პრობლემებს, რომელიც, ტომოსის აღიარების შემთხვევაში დაუდგება არაერთ ეკლესიას, მათ შორის, საქართველოსაც და არ ლაპარაკობდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რუსეთის ეკლესიის იურისდიქციად გამოცხადების საფრთხეზე. გვაცნობეს ისიც, რომ იგი მზად იყო ჩვენი რომელიმე არხისთვის განმარტების მისაცემად, მაგრამ საქართველოს ტელევიზიის არც ერთი ჯგუფი ამჟამად მოსკოვში არ იმყოფებოდა“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო