გედევან ფოფხაძე - უმრავლესობის შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ პროცესი კონსტიტუციას არ გასცდება, ვერ ვხვდები, ეს რას ნიშნავს, ამიტომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიმიღია

თუ კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით ღირსეულ მოსამართლეებს ვერ ვირჩევთ, მაშინ მოსამართლეობის სტანდარტი კი არ უნდა შევამციროთ, არამედ კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სამუშაო შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი შეთანხმდა იმაზე, რომ მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში იქნება.

„შევთანხმდით იმაზე, რომ პროცესი კრიტერიუმებთან დაკავშირებით კონსტიტუციის ჩარჩოებს არ გასცდება. მე ვერ ვხვდები, ეს რას ნიშნავს, ამიტომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიმიღია. ვერ გავერკვიე, რაში მდგომარეობს ეს გადაწყვეტილება. მე მგონია, რომ ამის წინააღმდეგი თავიდანვე არავინ იქნებოდა, ეს სადაო არ არის. პროცესი გაგრძელდება პარლამენტშიც, ამ ეტაპზე პრინციპის დონეზე შევთანხმდით, რომ მიღებული გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში იქნება. კონსტიტუციის შეცვლას პრინციპულად არც ითხოვდა ვინმე, თუმცა მე პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემთვის უზენაეს სასამართლოში ღირსეული მოსამართლეების არჩევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონსტიტუცია. მე არავის მოვუწოდებ, რომ კონსტიტუცია დავარღვიოთ, უბრალოდ, თუ კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით ღირსეულ მოსამართლეებს ვერ ვირჩევთ, მაშინ მოსამართლეობის სტანდარტი კი არ უნდა შევამციროთ, არამედ კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ. ალბათ, მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებშიც შესაძლებელია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომ ავირჩიოთ ღირსეული მოსამართლეები. ამ პროცესის მიზანი უნდა იყოს ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები გახდნენ ღირსეული და წესიერი ადამიანები. ეს არავისთვის არის სადაო. თუ გუნდში ყოფნა ნიშნავს ნებისმიერი გადაწყვეტილების მხარდაჭერას, ცუდი გადაწყვეტილების მხარდაჭერა არანაირი გუნდურობის წინაპირობა არ უნდა იყოს. გუნდში ხარ მანამ, სანამ შენთვის მისაღებია მისი ფასეულობები, ღირებულებები და პრინციპები. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები და ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ფოფხაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა