„მშობლები განათლებისთვის“ - სასკოლო გამოცდების გაუქმება არის იმის აღიარება, რომ წლების განმავლობაში მომავალი თაობა არასწორი გზით გვიტარებია

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ეროვნული გამოცდების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურება.

„მშობლები დღეს ძალიან მკაფიოდ ვხედავთ, რომ განათლების ერთიანი, სისტემური ხედვის შემუშავებისა და მასთან დაკავშირებით ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევის გარეშე რეფორმა ვერ განხორციელდება და ვერ ავცდებით მთავრობებისა თუ მინისტრების ცვლის პირობებში მორიგ ექსპერიმენტებს. გარდა ამისა, გამორიცხულია განათლების ცალკეული კომპონენტის ერთმანეთისგან განცალკევებით განხილვა და რეფორმირება.

სასკოლო გამოცდების გაუქმება რეფორმა არ არის. ეს არის იმის აღიარება, რომ წლების განმავლობაში არასწორი გზით გვივლია და რაც მთავარია, არასწორი გზით გვიტარებია მომავალი თაობა. ცხადია, გამოცდების გაუქმებით ერთი უსარგებლო და არაფრისმომცემი აქტივობის განხორციელების ვალდებულება მოეხსნება მოსწავლეს და სკოლას, თუმცა ე.წ. რეფორმა არ აჩვენებს, როგორ გაუმჯობესდება ზოგადი განათლების ხარისხი, რაც გულისხმობს მოსწავლეების პიროვნულ განვითარებას, მათთვის მრავალმხრივი ინტერესების გაღვივებას, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, გამჭოლი კომპეტენციების რეალურად განვითარებას, ისე, რომ დღევანდელი მოსწავლისგან ხვალ მივიღოთ თავისუფლად მოაზროვნე, სწორი ღირებულებების მქონე კარგი მოქალაქე“, - ნათქვამია განცხადებაში.

„მშობლები განათლებისთვის“ განცხადებით, რეფორმა არათუ საჭირო, არამედ აუცილებელია, თუმცა მან კომპლექსურად უნდა მოიცვას რამდენიმე საკითხი: როგორ ზოგად განათლებას მიიღებენ მოსწავლეები, სად და რა პირობებში მიიღებენ, რა კომპეტენციისა და ღირებულებების მქონე მოქალაქეები ასწავლიან მათ და რა რესურსით.

„დღეს კი რეალობა ასეთია: სკოლა დღეს ვერ იძლევა ხარისხიან განათლებას და 21-ე საუკუნისთვის გამოსადეგ აუცილებელ უნარებს. მოსწავლეებს რეპეტიტორის გარეშე უჭირთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელება; სკოლის ინფრასტრუქტურა ხშირ შემთხვევაში მოუწესრიგებელია, რითიც ბავშვს ერთმევა უფლება, განათლება მიიღოს უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში, რომელიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, ფსიქიკურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებას. ბავშვთა მიმართ და ბავშვებს შორის ძალადობა, ანტისანიტარია საპირფარეშოებში, ბუფეტის არქონა ან უხარისხო საკვები - ეს ჩვენი სკოლების ყოველდღიურობაა; იმის ნაცვლად, რომ მასწავლებლები მთლიანად გადართულები იყვნენ მათ უმნიშვნელოვანეს საქმიანობაზე, ფიქრი უწევთ როგორ გაუმკლავდნენ უმწვავეს სოციალურ ფონს და ყოველდღიურ პრობლემებს, მათი ანაზღაურება დაბალია, მათ კომპეტენციას კი ვერ შველის ტრენინგები“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

ამასთან, როგორც „მშობლები განათლებისთვის“ განცხადებაშია აღნიშნული, დღევანდელი სამეურვეო საბჭო არაა სათანადოდ ძლიერი, ხოლო სკოლის დირექტორი სამინისტროს დირექტივების შესრულებაში კარგავს დროს.

„მასწავლებლის დაქირავებაც და მისი გათავისუფლებაც იმდენ ბარიერთანაა დაკავშირებული, რომ წლების განმავლობაში მასწავლებელთა კონტინგენტი თითქმის არ შეცვლილა. მასწავლებლის მიღების, გათავისუფლების და მისი პროფესიული განვითარების კონტროლს უნდა ახორციელებდეს არამარტო დირექტორი, არამედ სამეურვეო საბჭო. სკოლას რეალურად უნდა გადაეცეს საკუთრებაში საკუთარი ქონება და ეს არ უნდა იყოს უზურფრუქტი. ამის გარეშე სკოლის მონაწილეობითი მართვა სუსტი იქნება. უნდა გაიზარდოს მასწავლებლისა და დირექტორის ანაზღაურება.

ის, რაც გამოსწორდა - ერთია (ეს არაა რეფორმა) და მეორეა ის, რაც ამას უნდა მოჰყვეს (რეფორმა). სწორედ ზემოაღნიშნულის განხორციელებით შეიძლება გახდეს სკოლა მოსწავლეზე ორიენტირებული და გაუმჯობესდეს ზოგადი განათლების ხარისხი“, -აღნიშნულია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო