მივმართავთ პარლამენტს, რომ სამოსამართლო თანამდებობებზე კანდიდატთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმი გამოცხადდეს, - ამის შესახებ „ადვოკატთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა დავით ასათიანმა ასოციაციის რიგგარეშე საერთო კრებაზე რეზოლუციის მხარდაჭერის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დავით ასათიანის თქმით, ასოციაცია მზადაა იმუშაოს, რათა რეზოლუციით გაჟღერებული მოთხოვნები საკანონმდებლო დონეზე რეალობად იქცეს.
„აბსოლუტური უმრავლესობით მივიღეთ რეზოლუცია. ჩვენ მივმართეთ პარლამენტს, რომ მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება და მიეცეს საშუალება ადვოკატთა ასოციაციას, ჰყავდეს მაღალი რეპუტაციის წარმომადგენელი უმაღლეს საბჭოში. ასევე კრება მოუწოდებს პარლამენტს, არ აირჩიონ ისეთი წინააღმდეგობრივი კანდიდატები, რომელთა მიმართაც იურიდიულ პროფესიაში ნდობა არ არის. ჩვენ ასევე მივმართავთ პარლამენტს, რომ სამოსამართლო თანამდებობებზე კანდიდატთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმი გამოცხადდეს. მზად ვართ ვიმუშაოთ, რათა რეზოლუციით გაჟღერებული მოთხოვნები რეალობად იქცეს", - განაცხადა დავით ასათიანმა.