მამუკა ბახტაძე - 2013 წლამდე დღგ იყო იმ ტიპის გადასახადი, რომელსაც მეწარმისთვის მხოლოდ თავის ტკივილი მოჰქონდა

დღგ-ს დაბრუნების რეფორმა იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ძალიან პრინციპული ნაბიჯი, რომელიც მთავრობამ გადადგა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქლაივში“ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ საკითხს კერძო სექტორი ყოველთვის უმთავრესი პრობლემების სამეულში ასახელებდა.

“ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო. დღგ არის გადასახადი, რომლის ზედმეტობა ბიუჯეტმა აუცილებლად უნდა დააბრუნოს, ეს მეწარმის ფულია. 2013 წლამდე, თუ მეწარმე აგროვებდა ზედმეტობას, მისი დაბრუნების მოთხოვნისას ორი სცენარი ჰქონდა. კარგ შემთხვევაში მასთან შემოსავლების სამსახური შევიდოდა შემოწმებაზე და, როგორც წესი, ეს მეწარმისთვის ძალიან მძიმედ მთავრდებოდა; ან შევიდოდა ფინანსური პოლიცია და მეწარმე კიდევ უფრო მძიმე შედეგებს მიიღებდა. ეს ჩვენმა ბიზნესსაზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ სიტუაცია - მიუხედავად იმისა, რომ დღგ არის 18%, ეს იქცა ძალიან მძიმე ტვირთად ქართველი მეწარმეებისთვის. დღგ-ს გადასახადი სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. თუ ჩვენ ავიღებთ კონკურენციას იმპორტიორსა და ადგილობრივ მწარმოებელს შორის, იმპორტიორს ეს არ აწუხებდა, ადგილობრივ მეწარმეს კი დღგ-ს დაუბრუნებლად ექნებოდა ნაკლები თანხა საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად, შესაბამისად, მისი ხარჯები გაიზდებოდა და მისი ბიზნესმოდელი ხდებოდა ნაკლებად კონკურენტუნარიანი, რამაც ძალიან ბევრ სექტორში ჩვენ მძიმე შედეგები მოგვიტანა”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ მოგვარება მიზნად ფინანსთა მინისტრობისას დაისახა. მისივე ინფორმაციით, გასულ წელს მეწარმეებს დაუბრუნდათ 527 მილიონი ლარი, რაც ისტორიული მაქსიმუმია და ძალიან დიდი წარმატება იყო .

“მიმდინარე წლის იანვრიდან კი გადავედით ავტომატური დაბრუნების რეჟიმზე. ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო მეტი დავაბრუნოთ წელს და მინიმალური ბიუროკრატიით, ადამიანის მინიმალური ჩარევით. სისტემა აწყობილია ისე, რომ დღგ-ს დაბრუნების დიდი ნაწილი მოხდება ავტომატურად და ეს იქნება ძალიან დიდი შეღავათი ჩვენი მეწარმეებისთვის”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა