ნიკოლოზ მჟავანაძე - განსასჯელის სკამზე დეპუტატი ედიშერ თოლორაიაც უნდა იჯდეს

სამარცხვინოა, დღეს ალბათ, ინფორმაციები გავა, რომ კორუფციას ებრძვიან და დაჭერილი არიან გოგია და სხვა მაღალჩინოსნები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას ადვოკატმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, განსასჯელის სკამზე დეპუტატი ედიშერ თოლორაიაც უნდა იჯდეს, რადგან მან აღნიშნული დანაშაულის შესახებ სამართალდამცავებს არ შეატყობინა.

„ბრალდების მხარეს გააჩნია ზურაბ კვირკვიას ჩვენება, რომელიც ორი გვარის მატარებელია, რუსეთში ოგნევია გვარად, საქართველოში - კვირკვია. საქმეში ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული ჩანაწერია, რომელშიც ახალი არაფერია.

ლაშა გოგია უარყოფს რამე სახის თანხის გადაცემას. დღეს, მოსამართლე ჯორბენაძემ დაუშვა ძალიან საშიში ტენდენცია. პიროვნება, რომელიც ფარულ მიყურადებას ახდენდა, მესამე პიროვნებასაც იწერდა. დღეს სასამართლომ გვითხრა, რომ შეიძლება უკუანონო მიყურადება, თვალთვალი განახორციელო ორ პირზეც. ეს საშიში ტენდენციაა.

დღეს ეს ადამიანები კი არ უნდა ისხდნენ განსასჯელის სკამზე, უნდა იჯდეს, როგორც ზურაბ კვირკვია, ასევე პარლამენტის დეპუტატი, ედიშერ თოლორაია. ქობალია პასუხისგებაშია მიცემული იმის გამო, რომ მან ამ დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს. სწორედ ამ მოტივით შეიძლებოდა ედიშერ თოლორაიას პასუხისგებაში მიცემა. მან როცა ეს ინფორმაცია მიიღო, სამართალდამცავ სტრუქტურებში კი არ მიიტანა, ეს ჩანაწერი „რუსთავი2“-ის ეთერში აღმოჩნდა. თუკი, შერჩევით მართლმსაჯულებასთან გვაქვს საქმე, ხელისუფლებამ გვითხრას.

ხელისუფლებას სურს გვითხრას, რომ კორუფციას ებრძვიან, ზუგდიდის მერი დავიჭირეთ, მაღალჩინოსნები დავიჭირეთო. რითი დაიჭირეს? კვირკვიას ჩვენებით და ერთი ფარული მიყურადებით განხორციელებული მასალით, სადაც არაფერი ფიგურირებს. სამარცხვინოა, დღეს ალბათ „ნიუსები“ გავა, რომ კორუფციას ებრძვიან და დაჭერილია გოგია და მაღალჩინოსნები“, - განაცხადა მჟავანაძემ.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის მერი ლაშა გოგია, ვიცე-მერი გია გულორდავა და მათთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირი, თენგიზ ქობალია და ხუტა ბაღათურია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სასამართლო ხდომაზე ადვოკატები მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით 1-ელ ნოემბერს დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 აშშ დოლარი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა