ირაკლი კობახიძე - ბავშვთა უფლებების კოდექსი, სახელმწიფოში არსებული რესურსების მაქსიმალური გამოყენებით, ბავშვის უფლებების რეალიზაციაზე იქნება ორიენტირებული

„ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ისეთი სახელმწიფო პოლიტიკა და ისეთი ერთიანი სტანდარტი, რომელიც გახდება ბავშვის მხარდაჭერის და ოჯახისთვის საჯარო სივრცეში ბავშვის უფლებების დაცვის მყარი საწინდარი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ღონისძიება ირაკლი კობახიძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა და პროექტის შემუშავებაში შეტანილი წვლილისთვის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, გაერო-ს ბავშვთა ფონდს, საერთაშორისო პარტნიორებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ბავშვთა უფლებების დაცვისა და უფლებათა რეალიზაციის დახვეწილი მექანიზმების არარსებობის კუთხით, საქართველოში სერიოზული გამოწვევებია. მისივე შეფასებით, შემაშფოთებელია ბავშვთა მიმართ ძალადობის მასშტაბები, რაც, ირაკლი კობახიძის თქმით, დაუყოვნებლივ რეაგირებას და შესაბამის ჩარევას მოითხოვს.

„საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის და უფლებათა რეალიზაციის დახვეწილი მექანიზმების არარსებობის კუთხით, ჩვენ სერიოზული გამოწვევები გვაქვს. ძალადობის მასშტაბები არის საკმაოდ შემაშფოთებელი ბავშვთა მიმართ, ბავშვთა შორის ძალადობის კუთხით გვაქვს ასევე მნიშვნელოვანი პრობლემები, რაც მოითხოვს, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას და შესაბამის ჩარევას. ამ ყველაფერს ადასტურებს, თუნდაც გასულ თვეში მომხდარი შემზარავი ტრაგედია, რომელიც სწორედ ბავშვს უკავშირდებოდა. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ისეთი სახელმწიფო პოლიტიკა და ისეთი ერთიანი სტანდარტი, რომელიც გახდება ბავშვის მხარდაჭერის და ოჯახისათვის საჯარო სივრცეში ბავშვის უფლებების დაცვის მყარი საწინდარი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, დიდ პრობლემად რჩება ბავშვთა სიღარიბე. პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს შეახსენა, რომ საქართველოში ბავშვზე ზრუნვისა და სოლიდარობის მდიდარი სამართლებრივი ტრადიციები არსებობს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტი ბავშვთა სიღარიბის პრობლემის დასაძლევად ძალისხმევას არ დაიშურებს. მისივე თქმით, აღნიშნული მიმართულებით, უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა.

„დიდ პრობლემად რჩება ჩვენს საზოგადოებაში ბავშვთა სიღარიბე. ამ კუთხით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში არსებობს ბავშვთა მიმართ ზრუნვის და სოლიდარობის მდიდარი სამართლებრივი ტრადიციები. ჯერ კიდევ პირველი რესპუბლიკის დროს მიღებულ, 1921 წლის კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მიზნად ისახავს პირველ დაწყებით სკოლაში უღარიბეს ბავშვებს საზრდო, ჩასაცმელ დასახური და სასკოლო ნივთები უფასოდ მიეცეს. ამ მიზნის განსახორციელებლად სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობანი თავის შემოსავლის ერთ ნაწილს გადადებენ ყოველწლიურად. ეს ფაქტი, ეს ნორმა მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად დიდი ყურადღება ეთმობოდა საქართველოში, ჯერ კიდევ, პირველ რესპუბლიკაში, ბავშვთა უფლებების დაცვას და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ ტრადიციას და უნდა დავაფუძნოთ ამ ტრადიციაზე, ჩვენს ბავშვებზე ზრუნვა და მათი უფლებების დაცვაზე ზრუნვა. ამ სულისკვეთებით ჩვენ დღესაც, რა თქმა უნდა, ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ არ დავიშურებთ ძალისხმევას ბავშვთა სიღარიბის პრობლემის დასაძლევად და უკვე ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს აღნიშნული მიმართულებით. ამ კუთხით უმნიშვნელოვანესი იყო შარშან განხორციელებული ინიციატივა, რომლითაც გამოიყო სპეციალური სოციალური დახმარება სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვებისათვის”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ და განაცხადა, რომ ამ ფონზე მნიშვნელოვანია საკანონმდებლო საფუძვლების შექმნა ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს კონვენციით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებებისთვის.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, სწორედ ამ ვალდებულებათა შესრულებას და აღნიშნული პრობლემების გადაჭრას ემსახურება ბავშვთა უფლებების კოდექსის მიღება. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ამ საკითხს სათანადო ყურადღებას დაუთმობს.

“სწორედ ამ ვალდებულებათა შესრულებას და ხსენებული პრობლემების გადაჭრას ემსახურება ბავშვთა უფლებათა კოდექსის მიღება, რომელიც სახელმწიფოში არსებული რესურსების მაქსიმალური გამოყენებითა და საჭიროების შემთხვევაში, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ბავშვის უფლებების რეალიზაციაზე იქნება ორიენტირებული. მჯერა, რომ დღევანდელი ღონისძიება მოგვცემს დისკუსიის გაშლის საშუალებას ამ საკითხთან დაკავშირებით და ასევე, პარლამენტის სახელით შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ ბავშვთა კოდექსის პროექტის განხილვას დაეთმობა სათანადო ყურადღება. პარლამენტი ამ საკითხს მთელი გულისყურით მოეკიდება და ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, მომავალში უკეთ ვიზრუნოთ ბავშვთა უფლებების დაცვასა და მათი უფლებების რეალიზებაზე”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა და ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონალური ოფისის რეგიონალურმა მრჩეველმა ბავშვთა დაცვის საკითხებში - აარონ გრინბერგმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო