ლაშა დარსალია სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ტოივო კლაართან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე. მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოხატა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლის აკრძალვასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობას.

შეხვედრაზე განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის საკითხები. აქცენტი გაკეთდა ძალის არგამოყენების, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ლტოლვილთა და იძულებთ გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხებზე საგნობრივი მოლაპარაკებებისა და პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე. ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა ევროკავშირის, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის, მნიშვნელოვან როლს სამშვიდობო პროცესში, განსაკუთრებით კი - რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფაში.

თავის მხრივ, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში კვლავ დაადასტურა მზაობა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში აქტიურ და ქმედით ჩართულობაზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს