დიმიტრი შაშკინი - საატესტატო გამოცდების გაუქმებით სკოლებში დაბრუნდება კორუფცია, ბავშვებს ატესტატს „ბამბანერკების“, გოჭების და ფულის სანაცვლოდ მისცემენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი საატესტატო გამოცდების გაუქმებას ეხმაურება. მისი შეფასებით, საატესტატო გამოცდების გაუქმებით სკოლებში ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის განადგურება მოხდება. გარდა ამისა, შაშკინის განცხადებით, საატესტატო გამოცდების გაუქმებით სკოლებში დაბრუნდება კორუფცია.

„მსოფლიოში არ არის ნორმალური ქვეყანა, სადაც მოსწავლეები გამოცდებს არ აბარებენ. საქართველოში კერძო სკოლები წელიწადში ორჯერ ატარებენ გამოცდებს, რადგან ცოდნას გამოცდა და გაზომვა სჭირდება. სასკოლო განათლება არანაკლებ მნიშვნელოვანია უმაღლეს განათლებაზე. სკოლაში ბავშვი იძენს ისეთ უნარებს, რომელიც მთელი ცხოვრება დაეხმარება, რომ წარმატებული ადამიანი იყოს. მთელ მსოფლიოში არის კონსენსუსი, რომ არსებობს რვა საგანი, რომლის სწავლაც აუცილებელია და არც ერთი საგნის დაკნინება არ შეიძლება. არა იმიტომ, რომ ვიღაცას ასე უნდა, არამედ იმიტომ, რომ დამტკიცებულია, ამ რვა საგნის სწავლით ბავშვს უვითარდება უნარები, რომელიც ცხოვრებაში დასჭირდება. ეს რვა საგანია: მშობლიური ენა, უცხო ენა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და მათემატიკა. საატესტატო გამოცდების გაუქმებით მოხდება ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის განადგურება სკოლებში, ეს ყველაფერი უკვე ვნახეთ 90-იან წლებში.

საატესტატო გამოცდების გაუქმებით სკოლებში დაბრუნდება კორუფცია, ბავშვებს ატესტატს „ბამბანერკების“, გოჭებისა და ფულის სანაცვლოდ მისცემენ. 2012 წლის შემდეგ, ყოველწლიურად უარესდებოდა საატესტატო გამოცდების მაჩვენებელი. მას სჭირდება დახვეწა და არა გაუქმება“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

იხილეთ ვიდეო: დიმიტრი შაშკინი - ბავშვებს ატესტატს "ბამბანერკების", გოჭების და ფულის სანაცვლოდ მისცემენ

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს