სერგი კაპანაძე - ვაპირებ, საკანონმდებლო ინიციატივის შეტანას, რომ ზოგადი უნარების ტესტი კანონით სავალდებულო გახდეს

„ვაპირებ საკანონმდებლო ინიციატივის შეტანას, რომელიც ეხება იმას, რომ ზოგადი უნარების ტესტი კანონით სავალდებულო გახდეს,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საატესტატო გამოცდების გაუქმებასა და უნარების გამოცდისთვის სავალდებულო კომპონენტის მოხსნას. კაპანაძემ დეპუტატებს მოუწოდა, დაფიქრდნენ, ღირს თუ არა „ასეთი კვაზი რეფორმის“ გატარება.

„მესმის, რომ დღეს შეიძლება ბევრი ვეღარაფერი გამოვასწოროთ, მაგრამ გთავაზობთ ასეთ რამეს - ვაპირებ უახლოეს დღეებში საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირება მოვახდინო, რომელიც ეხება იმას, რომ ზოგადი უნარების ტესტი კანონით სავალდებულო გახდეს. დღეს ზოგადი განათლების შესახებ კანონი ამის დისკრეციას აძლევს სამინისტროსა და ცენტრს. მინდა მოვუწოდო ყველა დეპუტატს, რომელიც აქ არის, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, ამ მნიშვნელოვან თემაზე კარგად დაფიქრდნენ ღირს თუ არა ერთი ადამიანის ხუშტურებზე აყოლით, ასეთი კვაზი რეფორმის გატარება,“ - განაცხადა კაპანაძემ.

კაპანაძის განცხადებით, საატესტატო გამოცდების გაუქმებისა და უნარების გამოცდისთვის სავალდებულოობის მოხსნა გაუაზრებელი ნაბიჯი იყო, რომელიც პარლამენტის გვერდის ავლით გადაიდგა.

„არავის უკვირს თქვენგან გაუაზრებელი ნაბიჯები ბევრი მიმართულებით, მაგრამ როდესაც გაუაზრებელი ნაბიჯი ეხება განათლებას, ეს არის ორმაგად საზიანო ცალკე ქვეყნისთვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის, მით უმეტეს. კარგად ვიცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყველა მინისტრს, რომელიც დაინიშნა, თავიანთი უცნაური იდეები გააჩნდათ ხოლმე, მათ შორის ვაშლების სკოლაში შეტანა, ოღონდ ის იდეა, განსხვავებით ამ იდეისგან, მავნე და საზიანო არ იყო.

ეს ნაბიჯები ემსახურება ბოლო წლებში განათლების რეფორმაში განხორციელებული ფუნდამენტის დარტყმას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს ნაბიჯები იყო გაუაზრებელი. არავისთან კონსულტაციები არ ყოფილა. პარლამენტს არც კი ჰკითხეს, განათლების კომიტეტის წევრები საქმის კურსშიც არ იყვნენ, ისე იქნა ეს დაანონსებული,“ - განაცხადა კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო