„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ ადამიანური კაპიტალის ინდექსის კვლევას აანონსებს

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის” კვლევითმა ცენტრმა მასშტაბური კვლევის პროექტის შესახებ პრეზენტაცია გამართა.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, პროექტის განხორციელებაში ერთვებიან საქართველოში არსებული მსხვილი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, აგრეთვე მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორი.

პროექტის პრეზენტაციას “ბიზნესისა და ტექნლოგიების უნივერსიტეტის” კვლევების, განვითარებისა და ინოვაციების სამსახურის უფროსი გიორგი ბაქრაძე გაუძღვა.

ამასთან, “ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის” რექტორმა, ანდრო რურუამ პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ პროექტი გულისხმობს საქართველოს ადამიანური კაპიტალის შეფასებასა და მისი განვითარების სტრატეგიის, საჭირო უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების განსაზღვრას.

რექტორის შეფასებით, სწორი უნარ-ჩვევების განვითარება აუცილებელია ქვეყანაში სტრატეგიული სექტორების მხარდასაჭერად, აგრეთვე ადამიანების შრომის ბაზარში ჩართვისა და მათ დასაქმების ხელშეწყობისთვის.

„ჩვენ დღეს ვაანონსებთ ჩვენი კვლევების სტრატეგიას. კვლევების სტრატეგია რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შევაფასეთ მსოფლიოში მიმდინარე ტრენდები, ასევე, უნივერსიტეტის რესურსი და გამოვყავით რამდენიმე მიმართულება: ეს არის ქვეყნის ადამიანური კაპიტალის შეფასება და ის, თუ მისი განვითარება როგორ უნდა მოხდეს. ასევე, ეს არის ის უნარ-ჩვევები, რომლებიც საქართველოს შრომის ბაზარზე დასაქმებისთვის სჭირდებათ. პარალელურად, ასევე კორპორაციული კვლევები ჩატარდება. დღევანდელ პრეზენტაციას ესწრებიან სხვადასხვა კორპორაციის წარმომადგენლები, პარტნიორი და არაპარტნიორი კომპანიები. აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიებში ადამიანური რესურსების განვითარებისთვის, თანამშრომლების კომპეტენციის განსაზღვრისთვის ასევე ჩატარდება კვლევა. რაც პირველადი შეფასებით გამოიკვეთა, ეს არის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის გარღვევა. არის მოთხოვნა, არის სამუშაო ადგილები, თუმცა ვერ ვაწვდით კვალიფიციურ მუშახელს და ამ მიმართულებით ჩვენს უნივერსიტეტებს განსაკუთრებული როლი უნდა ჰქონდეს. ამ კვლევის განხორციელება სწორედ ამიტომ დავიწყეთ, რომ ჩვენი როლი შევასრულოთ და ამ პროცესში წვლილი შევიტანოთ”,- აღნიშნა ანდრო რურუამ.

კვლევის პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ მასზე მუშაობის ფარგლებში განხორციელდება გლობალური ტენდენციების ანალიზი, შეფასდება საქართველოში არსებული რესურსი, მოხდება იმ სფეროების იდენტიფიცირება, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. ასევე, კვლევითი პროექტის დასასრულს მოხდება რეკომენდაციების პაკეტის შემუშავება.

კვლევის პრეზენტაციას “შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის” ხელმძღვანელი, ზვიად გაბისონია დაესწრო. მისი თქმით, სამეცნიერო სფეროში დაგეგმილი რეფორმების ფარგლებში აქცენტი სამეცნიერო კვლევის კომერციალიზაციაზე კეთდება.

“ჩვენ დავაანონსეთ რეფორმები, რომლის ერთ-ერთი ქვაკუთხედი სამეცნიერო მიმართულებით რეფორმაა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ რეფორმის ძირითადი პრინციპი სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაცია უნდა იყოს. უფრო კონკრეტულად, სამეცნიერო კვლევა, რომელიც კონკრეტულ ეფექტებთან დაკავშირებული არ არის, ხშირად, მაკულატურაა. რა თქმა უნდა, ხშირად არის მეცნიერების ისეთი მიმართულება, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკიდან ან ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა დავაფინანსოთ, მათ შორის, ფუნდამენტური კვლევების ნაწილში, მაგრამ კომერციალიზაცია და ეკონომიკური ეფექტები ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია”,- აღნიშნა ზვიად გაბისონიამ.

“ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში” გამართულ ღონისძიებას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა