ირაკლი კოვზანაძე - შარშან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების 46% განიხილა

გასულ წელს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების 46% განიხილა, - ამის შესახებ ირაკლი კოვზანაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა.

განხილულ კანონპროექტებს შორის კოვზანაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე, რომლის ხარჯვითი ნაწილი უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებელს, 13 მლრდ ლარს აჭარბებს. ამასთანავე, საბიუჯეტო დეფიციტი მხოლოდ 2.6%-ის, ინფლაცია კი - 3%-ის ფარგლებშია გათვალისწინებული.

„მთლიანობაში, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია, სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნებს და ემსახურება ქვეყანაში მაკროეკონომიკურ სტაბილურობის, ფინანსურ მდგრადობის და ეკონომიკური ზრდის საფუძვლის შექმნას“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

ამავე დროს, ირაკლი კოვზანაძემ ისაუბრა გასულ წელს მიღებულ და ამოქმედებულ საკანონმდებლო რეგულაციებზე, რომლებიც უზრუნველყოფს საბანკო და არასაბანკო აქტივების გამიჯვნას, მომხმარებელთა უფლებების დაცვას, არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებებზე ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციების სრულად განხორციელებას, ჭარბვალიანობის შემცირებასა და ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მექანიზმების ამუშავებას.

ირაკლი კოვზანაძემ გამოსვლაში აღნიშნა, რომ კომიტეტის კომპეტენციაშია სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშების განხილვა. გარდა ამისა, გერმანული მოდელის შესაბამისად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი იხილავს აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნებს.

„2018 წელი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისათვის ძალიან შრომატევადი და, რაც მთავარია, საკმაოდ პროდუქტიული იყო. ვფიქრობ, მიმდინარე წელიც ძალიან დატვირთული იქნება. ჩემდამი რწმუნებული კომიტეტის 2019 წლის პრიორიტეტები ჩვენ დეტალურად გვაქვს გადმოცემული კომიტეტის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო