თამარ ხულორდავა - ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი არის ევროპული ინტეგრაცია და ამ გზის უალტერნატივობა უკვე საქართველოს კონსტიტუციით არის გამყარებული

ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი არის ევროპული ინტეგრაცია და ამ გზის უალტერნატივობა უკვე საქართველოს კონსტიტუციით არის გამყარებული, - აღნიშნული განცხადება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ევროპული ინტეგრაცია გულისხმობს, რომ საქართველოში, ეტაპობრივად, საზოგადოებრივი ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროში მაღალი, ევროპული სტანდარტი დაინერგოს.

„საუბარია განათლებაზე, ეკონომიკაზე, სოციალურ უზრუნველყოფაზე, გარემოს დაცვაზე და ა.შ. მაგრამ მაღალი ევროპული სტანდარტი ასევე, წარმოუდგენელია ადამიანის უფლებების მყარი გარანტიების და ძლიერი ინსტიტუტების გარეშე“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ. მისი თქმით, ამ მიმართულებით იდგმება არა ერთი ნაბიჯი და სწორედ ამის გამყარებაა ის პროცესი, რომელიც პარლამენტმა 2018 წელს დაასრულა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა პარლამენტის მიერ მიღებულ ახალ კონსტიტუციაზე და პარლამენტის რეგლამენტზე, რომელიც ახალ სიცოცხლეს სძენს საქართველოს პარლამენტს.

როგორც თამარ ხულორდავამ აღნიშნა, საქართველოსთვის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი ხშირად გაიგივებული არის საერთაშორისო აქტივობასთან თუმცა, ეს აქტივობა არის ქვეყნის შიგნით, რეფორმების განხორციელების ძალიან მყარი სამოქმედო გეგმა - ასოცირების შესახებ შეთანხმება. მისი თქმით, ევროპასთან ინტეგრაციას საქართველოს პარლამენტი ახორციელებს უპირველეს ყოვლისა საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობით, სადაც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად, ჩართულია ყველა დარგობრივი კომიტეტი.

თამარ ხულორდავამ გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს პარლამენტის მიერ შემუშავებულ ასოცირების შეთანხმების შესახებ საქართველოს პარლამენტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე, რასაც მისივე თქმით, ერთიან სისტემაში მოჰყავს საქართველოს პარლამენტის მიერ გასაწევი საქმიანობა და რაზეც ზედამხედველობას უზრუნველყოფს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი.

მისივე თქმით, 2018 წელს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც დამკვიდრდა საქართველოს კანონმდებლობის და კანონქვემდებარე აქტების ევროკავშირის სამართალთან დაახლოების და შესაბამისობის უზრუნველყოფის ერთიანი სტანდარტი და ახალი პრაქტიკა.

თამარ ხულორდავას განცხადებით, საკანონმდებლო საქმიანობის შედეგად უზრუნველყოფილია ის, რომ საქართველოს კანონმდებლობა დაუახლოვდა ევროკავშირის 4 რეგულაციას, 13 დირექტივას, 2 რეკომენდაციას და ეს არ არის სრული ჩამონათვალი.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მან იმ მნიშვნელოვან ინიციატივებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ევროპულ დღის წესრიგს ეხმიანება და რომელზეც საქართველოს პარლამენტმა 2018 წელს იმუშავა. „ეს არის შრომის უსაფრთხოების პირობების უზრუნველყოფა, ინდუსტრიულ და სამომხმარებლო პროდუქტებზე ზედამხედველობის სისტემის სრულყოფა, მცირე ბიზნესისთვის საგადასახადო წნეხის შემსუბუქება და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე დანაშაულის გამოძიების დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს შექმნა. საზედამხედველო საქმიანობა რჩება ჩვენს დღის წესრიგში“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მისი თქმით, 2019 წელი იქნება რთული, მათ შორის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით, რადგან ძალიან ბევრი საკანონმდებლო აქტის მიღების ვადა დგება. მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესი იქნება ასევე, ის, რომ საპარლამენტო კონტროლი სათანადოდ იქნას უზრუნველყოფილი ნორმატიული აქტების განხორციელებაზე. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიმდინარე წლის უმნიშვნელოვანეს ამოცანად მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ბოლომდე მიყვანა და უზენაესი სასამართლოს წევრების შერჩევის პროცესის ზედმიწევნით გამჭვირვალედ და მაღალი პასუხისმგებლობით წარმართვა დაასახელა .

„ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ახალი რეგლამენტი ნამდვილად გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ეს პროცესი საქართველოს პარლამენტმა, ჩვენ, ყველამ ერთად მაღალი პასუხისმგებლობით და მაღალი სტანდარტით წარვმართოთ“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე თამარ ხულორდავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა