დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, უეს მიტჩელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, უეს მიჩელთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ს თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები მიმოიხილეს. კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მიეცა საქართველო-აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორობას და საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ-ს მთავარი მოკავშირისა და პარტნიორის როლს. განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებებით.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში შექმნილ ვითარებაზე. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მათ შორის, აშშ-ასიგნებების აქტის შესაბამისად.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმების და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების თაობაზე. აშშ-ს მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მიმართ. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის, ინტენსიური კომუნიკაცია.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა უეს მიჩელს საქართველოსთან დაკავშირებით მიმდინარე საკითხებზე აქტიური ჩართულობისა და გულშემატკივრობისთვის. დღესვე დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, კევინ მოლისთან.