არჩილ თალაკვაძე - პარლამენტი არის სწორედ იმისთვის, რომ იყოს დებატი, რომ დისკუსია, იყოს არგუმენტების ზოგჯერ ყველაზე რთული შეპირისპირებაც და მიღებული სწორი გადაწყვეტილებები

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში შეაფასა და საპარლამენტო ცხოვრებიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა გამოყო.

„პირველ რიგში, იყო ძალიან საინტერესო ანგარიში და პრაქტიკულად თქვენ მიმოიხილეთ ყველა ის ძირითადი საქმე და მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ჩვენ ერთად განვახოციელეთ. რა თქმა უნდა, უმრავლესობასთან ერთად არის ოპოზიციის დამსახურებაც. სწორედ ოპოზიცია დღევანდელ პარლამენტში, ამ საკონსტიტუციო მოდელში აშკარაა, რომ ბევრად უფრო ეფექტურად ასრულებს თავის ფუნქციას. დღეს ოპოზიციას აქვს ბევრად მეტი შესაძლებლობა თავისი განსხვავებული აზრი და არგუმენტები სხვადასხვა ცვლილებებთან, კანონებთან თუ რეფორმებთან დაკავშირებით დაასახელოს. ამ კუთხით განსაკუთრებული და თვისობრივი სიახლე არის ახალი კონსტიტუციის შემდეგ მიღებული რეგლამენტი, რომელმაც, შეიძლება ითქვას, რომ ის წუხილები და კითხვები, რაც ოპოზიციას ჰქონდა საპარლამენტო ზედამხედველობასთან და მთავრობის პარლამენტში ვიზიტებთან დაკავშირებით, დღის წესრიგიდან მეტწილად მოხსნა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პარლამენტის თავმჯდომარეს და კონსტიტუციის რეფორმაში მონაწილე პირებს, მადლობა გადაუხადა. „ბატონო თავმჯდომარევ, მე მინდა დავუბრუნდე ამ მნიშვნელოვან რეფორმას, რომელშიც თქვენ იყავით ლიდერი, რომელსაც თქვენ უძღვებოდით და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც საკონსტიტუციო რეფორმის სამუშაო ჯგუფში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ იყო სკეფსისი, რომ ეს კონსტიტუცია შესაძლოა იმ მოლოდინებს ვერ გაამართლებდა, რომელიც მასთან მიმართებაში იყო დასახული. როგორც ხედავთ, ბევრი მიმართულებით ახალმა კონსტიტუციამ უკვე გაამართლა მოლოდინები. ეს არის მეტი გარანტიები თვითმმართველობისთვის, ვხედავთ ჩვენ მეტ დაფინანსებას, ვხედავთ მეტ დამოუკიდებლობას გადაწყვეტილებებში და კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს, როდესაც საქმე ეხება თვითმმართველობებს და რეგიონებს“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის შეფასებისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ტერიტორიული მთლიანობის საკითხს შეეხო.

„პარლამენტმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როდესაც მხარი დაუჭირა მთავრობისა და ქეთევან ციხელაშვილის, მისი სამინისტროს ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. მხოლოდ ეს არის გზა, მხოლოდ ეს არის სწორი ხედვა, როგორ უნდა აღადგინოს ჩვენმა ქვეყანამ ტერიტორიული მთლიანობა და იმ ეკონომიკური, სოციალური სიკეთეების გაზიარებით, რომელზეც ჩვენ მზადყოფნა გამოვთქვით ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ. აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები ადამიანების მიმართ შეიძლება იყოს სწორი გზავნილი სამომავლოდ, რომ მშვიდობიანი გზით, განვითარებით, საერთაშორისო სამართლის პრინციპების თანახმად, აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ის ადამიანები დაბრუნდნენ ჩვენს სამოქალაქო სივრცეში“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

არჩილ თალაკვაძე ანგარიშის იმ ნაწილსაც შეეხო, სადაც საუბარი იყო დასაქმებაზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე, ეკონომიკურ შესაძლებლობებზე და მცირე ბიზნესის განვითარებაზე.

„პარლამენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე სწორედ იყო ის, რომ ჩვენ შევძელით გადასახადების დაწევისთვის დაგვეჭირა მხარი, მიგვეღო სათანადო რეგულაციები იმ ინიციატივაზე, რაც პრემიერ მინისტრმა წარმოადგინა. გადასახადების დაწევა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ადმინისტრირების გამარტივება, ეს იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმ მომენტში. სოციალურ ინიციატივებთან დაკავშირებით მოკლეთ ვიტყოდი, რომ ამის ბოლო ნათელი მაგალითი იყო ჭარბვალიანობასთან და პასუხისმგებლიან დაკრედიტებასთან დაკავშირებული ცვლილებები, რასაც თქვენ შეეხეთ თქვენს ანგარიშში და ეს იყო ნამდვილად მნიშვნელოვანი სოციალური და სოლიდარობის აქტი.ზუსტად ეს არის ის გადაწყვეტილება და იმ გადაწყვეტილებების მაგალითი, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეები ჩვენგან ელოდებიან. პარლამენტში დისკუსიის შედეგად მოხდა, ასევე, სოციალური დახმარების მოდელში ცვლილებების შეტანაც, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვსაუბრობდით პარლამენტში, რომ უნდა აღდგენილიყო სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და რომ უნდა შესულიყო ცვლილებები სოციალური დახმარების მიღების მომენტში. აქ ოპოზიციასაც, რა თქმა უნდა, აქვს წვლილი, რომ ამაზე სწორად წარიმართა დისკუსია და მთავრობამ პარლამენტთან ერთად საბოლოო ჯამში მიიღო სწორი გადაწყვეტილებები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერმა პარლამენტის ახალი რეგლამენტის შეფასებისას ყურადღება იმ სიახლეებზე გაამახვილა, რომელიც რეგლამენტის ახალი რედაქციის შესაბამისად დამკვიდრდა. არჩილ თალაკვაძემ, პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებების შეფასებისას, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ რეზოლუცია და დროებითი საგამოძიებლო კომიის შექმნის საკითხებს გაუსვა ხაზი.

„ახალმა რეგლამენტმა უკვე დაგვანახა, რომ მისი ძალაში შესვლისთანავე მოხდა იმ ინსტრუმენტების გამოყენება, რაც არის სიახლე. ეს არის მინისტრების ანგარიშვალდებულება, შიდა დისციპლინა და ეს არის ფორმატები, რომელსაც ახალი რეგლამენტი გვთავაზობს. ბატონო თავმჯდომარევ, არა მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებს, მე მინდა გამოვეხმაურო იმ პოლიტიკურ დებატებს და მიდგომებს, რომელიც თქვენ და ჩვენ, პარლამენტის წევრებს გვქონდა ურთულეს პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ბოლო წლის და ამ ორი წლის საქმიანობამ, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ არასოდეს არ გავქცეულვართ ურთულეს პოლიტიკურ საკითხებზე დისკუსიისგან. პოლიტიკური დებატებისგან და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებებისგან, რომლის მაგალითიც, რა თქმა უნდა, არის საერთო რეზოლუცია ტატუნაშვილის და ოთხოზორიას საქმესთან დაკავშირებით, რომლის მაგალითიც არის საგამოძიებო კომისიის შექმნა, სადაც ჩვენ მივეცით უმრავლესობა სწორედ ოპოზიციას, უმცირესობას და რომლის მაგალითიც არის, თუნდაც, საკანონმდებლო რეფორმებთან დაკავშირებული პოლიტიკური დებატები. ასე რომ პარლამენტი არა მხოლოდ კანონშემოქმედებით საქმიანობას ეწევა, არამედ, მთლიანად აცნობიერებს პასუხისმგებლობას იმ რთულ პოლიტიკურ საკითხებზე, რომელიც იდგა წარსულშიც ჩვენი ქვეყნის წინაშე და დღესაც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ესეც მნიშვნელოვანია, რომ თქვენ, როგორც თავმჯდომარე, ქმნით შესაბამის ფორმატს, გარემოს, პროცესს პარლამენტში, რომ ამ საკითხებზე შედგეს სათანადო პოლიტიკური დებატი. ზოგჯერ, თუნდაც ძალიან ხმამაღალ რეგისტრში, ზოგჯერ თუნდაც ძალიან მაღალ ტემპერატურაზე, მაგრამ, ფაქტია, რომ ასეთ საკითხებს პარლამენტი არასოდეს არ გაქცევია“, -აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

გამოსვლის დასასრულს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით პარლამენტის მიერ მიღწეულ წარმატებებს შეეხო.

„საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, როდესაც ჩვენ სრულად საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადავედით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა საერთაშორისო პარტნიორებთან გაზარდოს თავისი სტრატეგიული დიალოგის დონე და მნიშვნელობა. შეძლოს ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან საუბარი, როგორც ქვეყანაში წამყვანმა საკონსტიტუციო ინსტიტუტმა და მე ვხედავ, რომ ეს პროცესიც მიდის სწორად და მე მინდა მადლობა გადავუხადო ასევე ჩვენი პარლამენტის იმ თანამშრომლებს და იმ დეპარტამენტებს, რომლებიც ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ.

პარლამენტი არის სწორედ იმისთვის, რომ იყოს დებატი, რომ იყოს დისკუსია, იყოს არგუმენტების ზოგჯერ ყველაზე რთული შეპირისპირებაც და იყოს მიღებული სწორი გადაწყვეტილებები. მთავარი არის გადაწყვეტილებები და მთავარი არის პასუხისმგებლობა, რომელსაც ატარებს პარლამენტი. ამ პასუხისმგებლობის შესასრულებლად, ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ არც ხანგრძლივ დებატებს, არ უნდა მოვერიდოთ არც არგუმენტების ღიად წარდგენას საპარლამენტო ტრიბუნიდან და არ უნდა მოვერიდოთ იმ ფორმატებში მონაწილეობას, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებები იყოს მიღებული. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს კოლეგას იმ საქმიანობაში მონაწილეობისთვის, რომელიც თქვენ შეაჯამეთ, და მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ პირადად“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს