შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო - საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო შეთანხმების განხორციელების პირობები შეთანხმებულია

შვეიცარიის შუამავალი სამსახურების განცხადებით, რუსეთ-საქართველოს სავაჭრო შეთანხმების განხორციელების ყველა პირობა შეთანხმებულია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შვეიცარიის შუამავალი სამსახურების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები დასრულებულია და საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წელს გაფორმებული სავაჭრო შეთანხმების განხორციელების პირობები შეთანხმებულია. შვეიცარია კვლავ აქტიურად იქნება ჩართული ახალ ფაზაში. ის თავმჯდომარეობას გაუწევს მხარეების მიერ შექმნილ ერთობლივ კომიტეტს, რომელიც შეთანხმების შესრულებას გაუწევს ზედამხედველობას. 2019 წლის 6 თებერვალს, ჟენევაში, გაიმართება პირველი ერთობლივი კომიტეტის შეხვედრა საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლების მონაწილეობით.

„2011 წლის 9 ნოემბერს, ჟენევაში, საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის „საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, საბაჟო ტვირთზე, რომელიც წინასწარ შერჩეულ სამ დერეფანს გაივლის, განხორციელდება მონიტორინგი ნეიტრალური კერძო კომპანიის მიერ. ხსენებული ხელშეკრულება წარმოადგენდა რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პაკეტის ნაწილს, რომელიც რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრიანებას უძღოდა წინ.

შეთანხმების პირობების განხორციელებაში შვეიცარია ასრულებდა „ნეიტრალური მესამე მხარის“ როლს. ამ მანდატის ფარგლებში, შვეიცარიის ხელშეწყობით შეირჩია ორივე მხარისათვის მისაღები ნეიტრალური კერძო კომპანია - ჟენევაში დაფუძნებული კომპანია SGS (Société générale de surveillance). აგრეთვე, შვეიცარია იყო ჩართული ფინანსური მექანიზმის შექმნაში, კერძოდ, გაიხსნა ეროვნული სახაზინო ანგარიში, რომელიც გაამარტივებს საქართველოსა და რუსეთის მიერ თანხის გადარიცხვებს. შვეიცარიამ თანხმობა განაცხადა თავმჯდომარეობა გაუწიოს ერთობლივ კომისიას, რომლის შექმნა შეთანხმებით არის განსაზღვრული. ერთობლივი კომისიის ფუნქციაში შედის შეთანხმების შესრულების ზედამხედველობა, ღია საკითხებისა და შესაძლო უთანხმოების მოგვარება, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტებით უზრუნველყოფა.

2011 წლის ნოემბერში შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელშეწყობით, რუსეთს, საქართველოსა და SGS შორის რამდენიმე შეხვედრა ჩატარდა. ყველა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოეწერა 2018 წელს და ამით დასრულდა მოლაპარაკებების ფაზა“, - აღნიშნულია შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს