თორნიკე მამალაძე - მამა გიორგის ზიარების საკითხზე საპატრიარქო პასუხისმგებლობას იხსნის, რაც დედა ეკლესიის მთავარ ადმინისტრაციას არ შეშვენის

„სამწუხაროდ, საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება“, – ასე შეაფასა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებული განცხადება დეკანოზის ზიარების საკითხთან დაკავშირებით.

„საპატრიარქოს მხრიდან ეს არის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა, რაც დედა ეკლესიის მთავარ ადმინისტრაციას არ შეშვენის. რაც შეეხება მამა გიორგის ზიარების საკითხს, ისევ და ისევ საპატრიარქო პასუხისმგებლობას იხსნის თავიდან და გადაგვამისამართებს რიგით მღვდლებთან, რომლებიც სამწუხაროდ, თავის თავზე ასეთ პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ, იქიდან გამომდინარე, რომ ამ განცხადებაში მუქარის შემცველი სიტყვებია: თუკი რომელიმე მღვდელი მამა გიორგის აზიარებს, ეს მისი პირადი პასუხისმგებლობა იქნება“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

კითხვაზე, ხომ არ აპირებენ მამა გიორგის ზიარების მიზნით რომელიმე მღვდელმთავარს მიმართონ, რომლებიც დეკანოზის მიმართ თანაგრძნობას გამოხატავდნენ, თორნიკე მამალაძემ აღნიშნა, რომ ისინი საპროტესტო აქციას საპატრიარქოსთან გააგრძელებენ, სადაც მთავარი ადმინისტრაცია და მისი უწმინდესობა ცხოვრობს. ისინი ითხოვენ ეს პასუხისმგებლობა საპატრიარქომ აიღოს და აღიაროს დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულობა.

„არ ვაპირებთ ამ საკითხზე სხვა სასულიერო პირებს მივმართოთ. აქცია საპატრიარქოსთან გაგრძელდება, სანამ საქართველოს დედაეკლესიის ადმინისტრაცია ქმედითუნარიან ნაბიჯებს არ გადადგამს“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

საპატრიარქომ დღეს განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვინაიდან დეკანოზი გიორგი თვლის, რომ იგი მართალია და ითხოვს ზიარებას, ხოლო სასამართლო მას დამნაშავედ აცხადებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს