დიმიტრი ხუნდაძე - მე არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ დღეს ვინმე გუნდს დატოვებს

დღეს გუნდიდან ვინმეს გარიცხვის მოლოდინი არ აქვს, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან განუცხადა, სადაც რამდენიმე წუთში უმრავლესობის სხდომა უნდა დაიწყოს.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, უმრავლესობა შეთანხმების მიღწევას შეძლებს.

„იმედი მქონდა, რომ აღარ იქნებოდა საჭირო შემდეგი შეხვედრა, მაგრამ როგორც ჩანს, კიდევ არის გარკვეული საკითხები, რასთან დაკავშირებითაც საჭიროა შეთანხმება, საუბარი, არგუმენტების მოსმენა, პოზიციების გაზიარება და ვფიქრობ, საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით. ასევე ვფიქრობ, საუბარი იქნება გუნდური წესების თამაშზე, ვფიქრობ, ესეც იქნება შედეგიანი. ყველა ერთმანეთს პატივს ვცემთ და გუნდის ყველა წევრს აქვს თავისი წილი დამსახურება, ზოგს მეტი, ზოგს - ნაკლები, მაგრამ მიზანი ერთია - ეს გუნდი არსებობს არა მხოლოდ იმისთვის, რომ იყოს გუნდი, არამედ, მან პროცესებზე უნდა აიღოს გააზრებული პასუხისმგებლობა და ქვეყანა წაიყვანოს სწორად“, - განაცხადა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, გუნდიდან ვინმეს გარიცხვის მოლოდინი მას არ აქვს.

„როცა ადამიანს აქვს თავისი ჩამოყალიბებული პოზიცია, ეს შეიძლება სცდებოდეს საერთო გუნდურ პოზიციას. მეც ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში, მაგრამ ვისურვებდი, უმეტესად ასეთი საკითხები გუნდის შიგნით იქნას წამოჭრილი, მოსმენილი და გადაწყვეტილებაც შიდა გუნდურობის პრინციპით მიღებული, გარეთ კი საერთო პოზიცია იყოს წარმოდგენილი, რამეთუ ამას უსმენს საზოგადოება, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ამას იყენებენ და დაპირისპირებას არქმევენ. ამიტომ, სტაბილურობისთვის და გუნდისთვს და პოლიტიკური პროცესისთვის სჯობს, საკითხები, რომელიც ზოგჯერ აზრობრივად ცდება გუნდის შიგნით სხვა პირების დამოკიდებულებას, შიგნით ვთქვათ, შიგნითვე დავიცალოთ და შიგნითვე შევთანხმდეთ. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ დღეს ვინმე გუნდს დატოვებს. მაქვს მოლოდინი, რომ როგორც ყოველთვის ისევ შევხვდებით“, - განაცხადა ხუნდაძემ.

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, როგორც დეპუტატი აცხადებს, ფაქტია ის, რომ სასამართლო სისტემა არის გაუმჯობესებული, ვიდრე ეს იყო 2012 წლამდე, მაგრამ მისივე თქმით, „კარგს უკეთესი ჯობია“.

„პერსონიფიცირებული კრიტიკა, ან ადვოკატირება დღეს არ ხდება. ვფიქრობ, კრიტერიუმებმა უნდა შეაფასოს, ვინ იქნება შემდგომი ამ სისტემის წარმომადგენელი და ვინ დატოვებს მას. ასე რომ, ჩვენ მთავარ წესებზე ვთანხმდებით - უნდა იყოს სამართებლივ ჩარჩოებში, უნდა იყოს კრიტერიუმები, თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი დეპუტატი თავის არჩევანისაგან. რაც მთავარია, ყველა თავისუფალი უნდა იყოს, დატოვოს გვერდზე პირადი ემოციები, პირადი განწყობები, რამეთუ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტი და პირადული გადაწყვეტილება პარტიული თუ ემოციური, ეს არ იქნება სწორი”, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა