გედევან ფოფხაძე - სიმართლე გითხრათ, დღეს უმრავლესობის სხდომაზე მოსვლის სურვილი არ მქონდა, მაგრამ არ მინდა ვინმემ თქვას, თითქოს დიალოგს გავურბივართ

სიმართლე გითხრათ, დღეს აქ მოსვლის შინაგანი სურვილი არ მქონდა, მაგრამ არ მინდა ვინმემ თქვას, ჩვენ გავურბივართ დიალოგს და საუბარს, - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან განუცხადა, სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, მისი პოზიცია მოსამართლეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით უცვლელია და თუ მიზნის მისაღწევად კონსტიტუციის და კანონის შეცვლაა საჭირო, უნდა შეიცვალოს.

„უნდა შევთანხმდეთ ერთ რაღაცაზე - მიზანი არის ის, რომ არა კანონმდებლობას მოვარგოთ მოცემულობა, არამედ, მიზანი ის არის, რომ წესიერი და ღირსეული ადამიანები ავირჩიოთ უზენაეს სასამართლოში. ამ მიზნისთვის თუ უმრავლესობა მზად არის ყველაფერი გააკეთოს, კანონმდებლობაც ისე მოარგოს ამ მიზანს, როგორც საჭიროა, თუ ვთანხმდებით, რომ კონსტიტუციაც ამას ხელს უშლის, მაშინ კონსტიტუციაც უნდა შევცვალოთ, რადგან ამ შემთხვევაში მიზანია მთავარი და არა ის საშუალება, რომლითაც ეს მიზანი მიიღწევა. კანონმდებლობა არის საშუალება, ხოლო მიზანი - ღირსეული ადამიანების არჩევა უზენაეს სასამართლოში“, - განაცხადა ფოფხაძემ.

მისივე თქმით, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მას მოსვლის სურვილი არ ჰქონდა.

„სიმართლე გითხრათ, მე შინაგანი სურვილი არ მქონდა დღეს აქ მოსვლის, მაგრამ არ მინდა ვინმემ თქვას, ჩვენ გავურბივართ დიალოგს და საუბარს. ჩემს პოზიციას დღესაც დავაფიქსირებ. მგონია, რომ პრინციპულია, არ გადავუხვიოთ მიზანს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ არ ჩაეკეტოს კარი მედიას და საზოგადოებას ამ საკითხის განხილვის დროს. არანაირად არ შეიძლება პრინციპი იყოს, რომ გუნდურობა ითვალისწინებს ამ საუბრებს მარტო „ქართული ოცნების“ ოფისში. ეს საუბრები უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რადგან ეს არ არის ჩვენი კერძო თემა, ეს არ არის „ქართული ოცნების“ თემა, ეს ეხება საზოგადოებას, შეზღუდვა თუ იქნება გუნდის წევრების მიმართ, ეს არასწორი იქნება“, - განაცხადა ფოფხაძემ.

რაც შეეხება გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილებას, დეპუტატი ასე პასუხობს: „თუ მე ამიკრძალავენ საზოგადოებასთან კონტაქტს, მედიასთან ამ საკითხებზე საუბარს, მაშინ რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებენ“.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო