ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2019

გადამწყვეტი დაპირისპირება "ოცნებაში"

"ძალიან უცნაური რაღაც ხდება“ - ზაქარეიშვილი "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოზე

***

გადამწყვეტი დაპირისპირება "ოცნებაში"

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ გაავრცელა განცხადება, რომ მმართველი ძალა არ დაუშვებს სასამართლო ხელისუფლების უსამართლო, უკანონო და აბსოლუტურად მიუღებელ დისკრედიტაციას, რომელსაც სათავეში "ნაცმოძრაობა" და მასთან აფილირებული ჯგუფები უდგანან, რაც მეორე მხარეს მდგომმა ყველა ჯგუფმა - სამოქალაქო სექტორმა, ოპოზიციამ და თვით "ოცნების" ე.წ. ამბოხებულებმაც გაიგეს ისე, რომ მმართველი პარტია არაფრის შეცვლას არ აპირებს და მურუსიძე-ჩინჩალაძის წინააღმდეგ კრიტიკას კატეგორიულად არ ეთანხმება. "ამბოხებულების" ნაწილი უკმაყოფილებას არ მალავს, ნაწილი კი აცხადებს, რომ უმრავლესობის სხდომას ელოდება კონკრეტული პასუხების მისაღებად. "რეზონანსთან" საუბრისას "ამბოხებულების" ჯგუფიდან ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ უმრავლესობის გაფართოებული შეკრება ოთხშაბათს, 6 თებერვალს უნდა ჩატარდეს, სადაც ბევრ რამეს გაეცემა პასუხი”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, გადამწყვეტი დაპირისპირება "ოცნებაში"/ "ამბოხებული" დეპუტატების საკითხი დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე გადაწყდება

"ე.წ. ამბოხებულები აპირებენ, დასვან მათთვის პრინციპული საკითხი - რა გადაწყვიტა პარტიის მმართველობამ - უჭერს მხარს მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს და მათ მიერ მოსამართლეების უვადოდ გამწესებას თუ არა. ამის შემდეგ ისიც გადაწყდება, დატოვებენ თუ არა უმრავლესობას უკმაყოფილო ჯგუფის ის წევრები, რომელთა შორის არიან ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე და ბექა ნაცვლიშვილი. გედევან ფოფხაძე ღიად აცხადებს, რომ "პოლიტსაბჭოს განცხადება წარმოადგენს მოსამართლეთა კორპუსისა და იუსტიციის საბჭოს იმ მოსამართლეების მხარდაჭერას, რომლებიც ამ დღეებში აკეთებდნენ პოლიტიკურ განცხადებებს "პოლიტიკური პოზიციით" და ეს მისთვის მიუღებელია, რის გამოც უმრავლესობის დატოვებას გეგმავს. პოლიტსაბჭოს განცხადებას არ ეთანხმება ლევან გოგიჩაიშვილიც. მისი თქმით, არ ეთანხმება, რომ ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე იყვნენ "უკუნითი უკუნისამდე სასამართლოს წევრები". სასამართლოს დამოუკიდებლობა ნიშნავს, როდესაც სასამართლო დაკომპლექტებულია პატიოსანი, წესიერი ადამიანებით, რომელთა მიმართაც კითხვის ნიშნები არ არსებობს. ჩინჩალაძე, მურუსიძე და ის ჯგუფი, რომელიც დღეს სასამართლოს მართავს, ვერ უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას იმიტომ, რომ საზოგადოებაში მას რეპუტაცია არ გააჩნია, ურეპუტაციო სასამართლოს კი მომავალი არ აქვს", - აცხადებს "რეზონანსთან" გოგიჩაიშვილი“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ბექა ნაცვლიშვილის თქმით, პოლიტსაბჭოს განცხადებაზე შეფასებას ახლა არ გააკეთებს და უმრავლესობის შეკრებას დაელოდება. უმრავლესობის სხდომა ბევრ რაღაცას გასცემს პასუხს. აქედან გამომდინარე, შემდეგ შეიძლება მსჯელობა. პოლიტსაბჭოს განცხადებაში ცხადი არაფერი არ არის. უმრავლესობაში შედის რამდენიმე პარტია, ადამიანები განსხვავებული მოსაზრებებით ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ეს იყო პარტია "ქართული ოცნების" განცხადება. აქედან გამომდინარე, უმრავლესობის სხდომაზე ვიმსჯელებთ, კონკრეტულად რა ფორმას მიიღებს ეს ყველაფერი მომავალში. ჯერჯერობით მხოლოდ ზოგადი მსჯელობაა, ზოგადად როგორი უნდა იყოს ეს პროცესი. ის, რომ პროცედურები ჩამოყალიბდება, ერთია, მაგრამ როგორი იქნება ეს პროცედურები, ესაა მთავარი. მგონია, რომ ხვალ ეს ყველაფერი თავის საბოლოო კონტურებს შეიძენს", - აღნიშნავს ნაცვლიშვილი“, - განაგრძობს გამოცემა.

"დეპუტატი ასევე ამბობს, რომ უმრავლესობის ამ შეკრებაზე ნათელი გახდება, არსებობს თუ არა ღირებულებითი შეუთავსებლობა უმრავლესობის გუნდში და უმრავლესობის დატოვება გარდაუვალია თუ არა. "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მიმდინარეობს სასამართლო ხელისუფლების უსამართლო, უკანონო და აბსოლუტურად მიუღებელი დისკრედიტაცია. მათივე თქმით, პროცესი პოლიტიკური ძალების მიერ არის მართული და მისი მიზანია, დასაჯონ ყოფილი ხელისუფლების გავლენებიდან გასული "ურჩი" მოსამართლეები. პოლიტსაბჭოს წევრები დისკრედიტაციის მცდელობაში "ნაციონალურ მოძრაობასა" და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს ღიად ადანაშაულებენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, "ოცნების" განცხადებით გამოჩნდა, რომ სამოქალაქო სექტორის მოთხოვნებიდან არაფრის გათვალისწინება არ მოხდება და ისევ ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი გააგრძელებს მართვას. "ჩვენ 5 პრინციპი შევთავაზეთ პარლამენტს და იქიდან ერთი რომ გაითვალისწინო და მეორე არა, შედეგს ვერ მიიღებ. მხოლოდ კონკურსი არაფერს ცვლის. სამწუხაროდ, ეს განცხადება გააძლიერებს ჩინჩალაძის კლანს და, სამწუხაროდ, ეს განცხადება ხელისუფლებას კიდევ უფრო აშორებს ხალხთან. "ამ განცხადების შემდეგ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა და გამოჩნდა, რომ ჩინჩალაძის კლანს მმართველი პარტიის მხარდაჭერა აქვს. პირადად მე გაჩერებას არ ვაპირებ და კანონიერ ჩარჩოებში ყველაფერს გავაკეთებ, რომ რაღაც შეიცვალოს", - აცხადებს ჯანეზაშვილი“, - დასძენს გამოცემა.

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ ხელისუფლება გვეუბნება, რომ ვერ ელევა მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს და ვინც მათი წინააღმდეგია, ის არის "ნაციონალი", ანუ მათი გაგებით - მტერი და მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ. "რადგან ამ ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ამიტომ "ნაციონალებთან" აფილირებულები როგორ არიან თუნდაც ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროსაც კრიტიკით გამოირჩეოდნენ? "ქართულ ოცნებას" სურს, მოახდინოს სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია იმით, რომ თითქოს ისინი დამოუკიდებლები არ არიან და "ნაცმოძრაობის" მიერ იმართებიან. "ამ განცხადებით, "ქართული ოცნება" გვეუბნება, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი მისი მფარველობის ქვეშაა და აშკარად ჩანს, რომ ხელისუფლებას სურს, მორჩილი მოსამართლეები ჰყავდეს და კონტროლი ჰქონდეს სასამართლოზე. "ოცნებამ" გვითხრა, რომ პოზიციას აღარ შეიცვლის და არასამთავრობოებისა და ბესელიას ე.წ. გუნდის პრეტენზიებს აღარ გაითვალისწინებს. ეს არის ივანიშვილისა და მასთან დაახლოებული ჯგუფის გადაწყვეტილება. მათ აწყობთ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი. ივანიშვილი თვლის, რომ თუკი ადრე "ნაცმოძრაობა" აკეთებინებდა თავის საქმეს მურუსიძეს, ახლა თვითონ გააკეთებინებენ საქმეებს", - აღნიშნავს ჩიტაძე. მისი თქმით, ამ განცხადებას აუცილებლად მოჰყვება სამოქალაქო სექტორის კიდევ უფრო გააქტიურება და პრეტენზიები. ასევე შესაძლოა, უმრავლესობის დატოვება მოუწიოს რამდენიმე დეპუტატს, რომლებიც აპროტესტებდნენ მოსამართლეების არჩევის წესს."ბრძოლა გაგრძელდება. არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია აქტიურობას არ შეწყვეტს. აუცილებელია, რომ იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი შეიცვალოს და დაკომპლექტებაში არასამთავრობო სექტორმა მიიღოს მონაწილეობა. ასევე მმართველი ძალის შიგნით დაპირისპირება არ შეწყდება და შესაძლებელია, საბოლოო ჯამში, ბესელიას გუნდმა დატოვოს უმრავლესობა", - აცხადებს ჩიტაძე“, - წერს სტატიის ავტორი.

"ძალიან უცნაური რაღაც ხდება“ - ზაქარეიშვილი "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოზე

"ძალიან უცნაური განცხადებაა თავისი შემართებით. ეტყობა ვერ ხვდებიან რა სიტუაციაში არიან. არ მესმის რად უღირს ამ ხელისუფლებას გადაარჩინოს „ნაციონალების“ დატოვებული სასამათრლო?“ - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას, სადაც სასამართლო სისტემაზეა საუბარი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ძალიან უცნაური რაღაც ხდება“ - ზაქარეიშვილი "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოზე

"ძალიან უცნაური რაღაც ხდება. ეტყობა მართლაც ვერ ხვდებიან რა სიტუაციაში არიან. მთელი საზოგადოება ამბობს, რომ ეს სასამართლო სისტემა არ ვარგა, ისინი კი მაინც ებღაუჭებიან. ამ განცხადებას მე დავარქმევდი წყალწაღებული ხავს ეკიდებოდა. რეალობიდან არიან ამოვარდნილი და მაინც უნდათ გადაარჩინონ „ნაციონალების“ დატოვებული სასამართლო“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ბიძინა ივანიშვილმა ერთი წელი ითხოვა სიტუაციის დასალაგებლად. ეს ერთი წელიც მალე გავა და საინტერესოა, მერე რას იტყვიან, ისევ ამ ტიპის განცხადებებს გააკეთებენ? ამ მეთოდებით აპირებენ ჩაგვაბარონ წლის ბოლოს ანგარიში? ეს არის რეფორმა? ამ ფონზე ოპოზიცია არჩენების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს და ერთიანდება, რაც სწორია. თუ პროპორიცულ საარჩენო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებითაც უარს იტყვიან, კრიზისი უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა“, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა