პანკისელი პედაგოგები ბრიუსელში ვიზიტის მეორე დღეს ნატო-ს შტაბ-ბინას ესტუმრნენ

პანკისელი პედაგოგებისა და სკოლის დირექტორების ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, მასწავლებლები ნატო-ს შტაბ-ბინას ეწვივნენ, სადაც მათ სახალხო დიპლომატიის დეპარტამენტში სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა კოორდინატორმა, დესპინა აფენტოულმა და ნატო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ უმასპინძლათ.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველო-ნატოს ურთიერთობების ისტორიის, ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს გზის, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ.

„მინდა გითხრათ, რომ ასეთი სახის შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან აუცილებელია ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია ჰქონდეს. მასწავლებლებს და სკოლის ხელმძღვანელებს პანკისის ხეობიდან, საშუალება მიეცათ ალიანსის მაღალი დონის წარმომადგენლებთან და ჩვენთან შეხვედრის განმავლობაში სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ არა მხოლოდ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის თაობაზე, არამედ ჩვენი ქვეყნისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რადგან ამ შეხვედრით საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინე,“ - განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.

მოგვიანებით პანკისელი მასწავლებლები ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში გენერალური დირექტორატის წარმომადგენელს მეთიუ ბუსკეტს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოების სტრატეგია და სამეზობლო პოლიტიკა იყო.

მორიგი შეხვედრა კი პანკისელმა პედაგოგებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის კაბინეტის წარმომადგენელთან, მრჩეველთან, მაგდალენა გრონოსთან გამართეს.

„აღნიშნულ შეხვედრებზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ცალკეული, პედაგოგებისათვის საინტერესო საკითხების განხილვა, რომელიც საქართველოს პერსპექტივებს უკავშირდება. რა თქმა უნდა, მათთვის ეს ყველაზე უფრო საჭირო იყო, ვინაიდან სურთ პანკისელ ახალგაზრდებს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ იმ შესაძლებლობებზე, რომელთაც ევროკავშირის დახმარების პროექტები მათ უქმნის“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა.

პროექტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ხორციელდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში