ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლების გასაგონად ვამბობ - არჩევნებში ძალოვანი სტრუქტურების იმედად ყოფნა შეცდომაა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, მას შემდეგ რაც პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადმოვიდა, პარლამენტის გარემონტებულ დარბაზში პირველად გაიმართა სესია, რომელზეც საკმაოდ ბევრი პოლიტიკური განცხადებებიც გაკეთდა. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა პარლამენტში გამართულმა პირველმა სხდომამ?

- დიდი ხნის შესვენების შემდეგ პარლამენტის დარბაზში ტრადიციულად ჩატარდა პირველი საგაზაფხულო სესია. კონსტიტუციის ცვლილებების შემდეგ საგაზაფხულო სესიის თბილისში ჩატარება და ის, რომ ამ სხდომაზე მძაფრი განცხადებები გაკეთდებოდა, მოულოდნელი არ ყოფილა.

საპარლამენტო უმრავლესობა უკვე ისეთი ერთიანი და მონოლითური არ არის, როგორც იყო, თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ... პარლამენტში ხდება ის, რაც ხდება ქვეყანაში, მეტ-ნაკლებად ეს პარლამენტიც ასახავს მოსახლეობაში არსებულ განწყობებს

გამოიკვეთა ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობა უკვე ისეთი ერთიანი და მონოლითური არ არის, როგორც იყო, თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ. უმრავლესობის დეპუტატებისთვის დარბაზში ადგილების განსაზღვრამაც გააჩინა გარკვეული მიმიშნებები. რა თქმა უნდა, ოპოზიცია იყო ძალიან კრიტიკული და ყველა იმ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება, რაც ბუნებრივად დაგროვდა.

ახალი იყო ის, რომ მიმართვა გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, შემდეგ ალბათ პარლამენტში განცხადებებს გააკეთებენ პრეზიდენტი და პრემიერი. თითქოს ეს სიახლეებია, მაგრამ ეს გამოიწვევს პარლამენტში ქარტეხილებს.

რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესს და მის ანალიზს, პარლამენტში ხდება ის, რაც ხდება ქვეყანაში, მეტ-ნაკლებად ეს პარლამენტიც ასახავს მოსახლეობაში არსებულ განწყობებს.

- მოსამართლეებთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სასამართლო სისტემაზე ხორციელდება მიზანმიმართული შეტევა და თავდასხმა.

ამავე განცხადებაში კერძოდ ნათქვამია - „არ დავუშვებთ სასამართლოს უსამართლო, უკანონო და აბსოლუტურად მიუღებელ დისკრედიტაციას“. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ განცხადებას? თქვენც ფიქრობთ, რომ სასამართლო სისტემაზე ხორციელდება მიზანმიმართული შეტევა და თავდასხმა?

- თუ გავიხსენებთ როგორ დაიწყო ეს პროცესი, უმრავლესობის ეს განცხადება საკმაოდ გაუგებარია, ვინაიდან, პროცესი რეალურად დაიწყო იმით, რომ გასული წლის ბოლოს პარლამენტში შევიდა იუსტიციის საბჭოს მიერ გაგზავნილი მოსამარლეთა 10-კაციანი სია.

თუ ვინმემ დაიწყო მოსამართლეებთან დაკავშირებული პროცესი, ეს გახლავთ იუსტიციის საბჭო, ამიტომ მმართველი გუნდის მხრიდან სხვისკენ ხელის გაშვერა აშკარად გაუგებარია

თუ ვინმემ დაიწყო მოსამართლეებთან დაკავშირებული პროცესი, ეს გახლავთ იუსტიციის საბჭო, ამიტომ მმართველი გუნდის მხრიდან სხვისკენ ხელის გაშვერა აშკარად გაუგებარია. უმრავლესობისთვის დაწყებული პროცესი მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რადგანაც იმ მოსამართლეების მიმართ, რომლებიც იუსტიციის საბჭომ პარლამენტს წარუდგინა, მოსახლეობაში ყოველთვის არსებობდა ნეგატიური დამოკიდებულება.

როდესაც იყო ლაპარაკი, რომ ეს მოსამართლეები არიან მსხვერპლი, შესაძლოა მთლად მისაღები არ იყო ამგვარი მიდგომა, მაგრამ მათი ბედის მიმართ საზოგადობაში მოლოდინის რეჟიმი გაჩნდა. 2012 წლის შემდეგ მოსახლეობას რომ მოსამართლეები ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ ადამიანებად აღექვა, სასამართლოების მიმართ ნდობა რომ გაზრდილიყო, შესაძლოა დღეს არსებული პრობლემები არ დამდგარიყო.

მაგრამ, პრობლემა სწორედ იმაშია, რომ სამწუხაროდ, 2012 წლის შემდეგ სასამართლოების მიმართ ნდობა კი არ გაზრდილა, არამედ შემცირდა. შესაბამისად, ეს პროცესიც მიეწერა იმას, რომ ის მოსამართლეები იქნენ დატოვებული სასამართლო სისტემაში, ვისაც თავის დროზე ჰქონდათ გადაცდომები. ამის შემდეგ, როცა უმრავლესობა ხელს ვიღაცისკენ იშვერს, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა გაუგებარიც კია.

- საპარლამენტო უმრავლესობამ, მცირე გამონაკლისის გარდა, ცალსახად დაიჭირა მოსამართლეთა მხარე. ფაქტია, რომ უმრავლესობა ამას ივანიშვილის გარეშე ვერ გააკეთებდა.

„ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ „ოცნება“ დატოვა გედევან ფოფხაძემ სიტყვებით - „მადლობა კალაძეს, რომ მძევლად არ აგვიყვანა“. რა შედეგით დასრულდება „ოცნებაში“ მოსამართლეებთან დაკავშირებით დაწყებული დაპირისპირება?

- „ოცნებაში“ მოსამართლეებთან დაკავშირებით დაწყებული დაპირისპირება აუცილებლად დასრულდება მმართველ გუნდში განხეთქილებით. „ოცნებას“ რაღაც ჯგუფი კი ჩამოშორდება, მაგრამ თუ ვინმე ფიქრობს, რომ მმართველ გუნდს საპარლამენტო უმრავლესობა არ დარჩება, ძალიან ცდება. ჩვენი 30-წლიანი გამოცდილება ამგვარია - ყველა ხელისუფლება საპარლამენტო უმრავლესობას ყველა ვითარებაში ინარჩუნებს.

„ოცნებას“ რაღაც ჯგუფი კი ჩამოშორდება, მაგრამ თუ ვინმე ფიქრობს, რომ მმართველ გუნდს საპარლამენტო უმრავლესობა არ დარჩება, ძალიან ცდება. ჩვენი 30-წლიანი გამოცდილება ამგვარია - ყველა ხელისუფლება საპარლამენტო უმრავლესობას ყველა ვითარებაში ინარჩუნებს

მოსამართლეთა თემა რომ არ წამოწეულიყო, „ოცნებაში“ სხვა საკითხზე აუცილებლად იქნებოდა აზრთა სხვადასხვაობა. კარგა ხანია ცხადია, საპარლამენტო უმრავლესობა იმ სახით, რომელი სახითაც აქამდე იყო, არჩევნებამდე ვერ მივიდოდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ უმრავლესობის ყველა დეპუტატი თავის ადგილს ეძებს 2020 წლის საპარლამენტო სიაში მოსახვედრად.

ბესელია-ფოფხაძის გუნდმა გასაპროტესტებლად მოძებნა ის თემა, რომელიც საზოგადოების არსებულ განწყობებთან თანხვედრაშია და ამით გაამძაფრა სიტუაცია. ივანიშვილის თანხმობის გარეშე „ოცნების“ პოლიტსაბჭო მოსამართლეთა მხარდამჭერ განცახდებას ვერ გაავრცელებდა, რადგანაც ეს სხდომა თავად ივანიშვილის თავმჯდომარეობით ჩატარდა.

- გასული წლის შეფასებისას თქვენ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადეთ - „ოცნებას“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად მხოლოდ ერთი შანსი აქვს - „დაკარგული ამომრჩეველი უნდა დაიბრუნოს“.

თუ ამ კუთხით შევხედავთ მოსამართლეებთან დაკავშირებით „ოცნების“ გაცხადებულ პოზიციას, იგი აშკარად არაა მიმართული ამომრჩევლების დასაბრუნებლად. თქვენი აზრით, ეს არ ესმის მმართელ გუნდს, თუ რაშია საქმე?

- დავაზუსტებ, მაშინ მე ვთქვი - ზოგადად არსებობს ორი გზა, - ან იბრუნებ ამომრჩეველს ან უარს ამბობ ამაზე და გადადიხარ რეპრესიულ რეჟიმზე, ანუ საყრდენი ხდება არა ამომრჩეველი, არამედ ძალოვანი სტრუქტურები. მე მაშინ ისიც ვთქვი, რომ „ოცნება“ ვერ მოასწრებს 2020 წლამდე ძალოვანი პოლიტიკის განხორციელებას და დასაყრდენად ძალოვანი სტრუქტურების გახდომას. ამიტომ მას დარჩა ერთადერთი ამომრჩევლის დაბრუნების გზა.

გუნდმა ჩათვალა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პრაქტიკიდან გამომდინარე, ამომრჩევლის დაბრუნება დიდ შრომას მოითხოვს, ამიტომ არჩევანი გაკეთდა ძალოვან სტრუქტურებზე და უკვე ნაცად „ნაციონალებისაგან“ „მტრის ხატის“ შენარჩუნებაზე... შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლებამ აშკარად ძალიან ცუდი არჩევანი გააკეთა

მოსამართლეთა საკითხში „ოცნების“ გადადგმული ნაბიჯიდან ჩანს, მმართველმა გუნდმა ჩათვალა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პრაქტიკიდან გამომდინარე ამომრჩევლის დაბრუნება დიდ შრომას მოითხოვს, ამიტომ არჩევანი გაკეთდა ძალოვან სტრუქტურებზე და უკვე ნაცად „ნაციონალებისაგან“ „მტრის ხატის“ შენარჩუნებაზე.

რადგან ხელისუფლება ამ გზას დაადგა, მმართველი გუნდის მხრიდან საზოგადოებასთან მიმართებაში ურთიერთობების თვალსაზრისით რადიკალურ ცვლილებებს სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში არ უნდა ველოდოთ. ანუ, პოლიტიკური პროცესი სავარაუდოდ ისევე წავა, როგორც აქამდე იყო. შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლებამ აშკარად ძალიან ცუდი არჩევანი გააკეთა, მაგრამ, როგორც ჩანს, უმრავლესობა ფიქრობს, რომ ის ამ გზით შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას.

- ახალი წლის დაწყებიდან ერთ თვეზე ოდნავ მეტი გავიდა, მაგრამ ხელისუფლებას ამ ერთ თვეში საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე მკაფიო პასუხი არ გაუცია. უცნაურად დასრულდა ევროპის ჩემპიონის ცემის ფაქტზე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან დაკავშირებული ისტორია. შსს-ს ასევე პასუხგაუცემელი რჩება კითხვა - ვინ იყო ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების დამკვეთი. ამგვარი პასუხგაუცემელი კითხვების ჩამონათვალის გაგრძელება შეიძლება, მაგრამ ამით შემოვიფარგლოთ.

თქვენი დაკვირვებით, რატომ ვერ მიჰყავს ხელისუფლებას ევროპის ჩემპიონის ცემასთან დაკავშირებული საქმე ბოლომდე ანდა რატომ უჭირს იმის დადგენა თუ ვინ დაუკვეთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება?

- ასეთი კითხვები, რომლებშიც სიცხადის შეტანა რთული არ უნდა ყოფილიყო, ყველა ხელისუფლების წინაშე იდგა, მაგრამ როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, მხედველობიდან გვრჩება იმ სისტემის არსი, რომლითაც ესა თუ ის ხელისუფლება ხელმძღვანელობს.

ამ შემთხვევებშიც მუშაობს ავტორიტარული სისტემის მანქანა და ვერ ხდება ვერც უმარტივესი საქმეების გამოძიება და ვერც ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა. ის, რაც ჩვენ ტელევიზიით ვნახეთ, მხედველობაში მაქვს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ევროპის ჩემპიონის ცემა, იმას რაღა გამოძიება უნდა?

ტოტარიტარული და ავტორიტარული სისტემები ვერ იტანენ გუნდის წევრის გაწირვას. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი სახელისუფლებო გუნდის წევრია, სისტემა კი ყოველთვის ცდილობს დაიცვას. როგორც კი დაფიქსირდება გუნდში ვინმეს გაწირვა, ეს მთელ სისტემაში იწვევს რყევებს. ეს არ გახლავთ მხოლოდ ამ ხელისუფლების პრობლემა. ასე იყო ჩვენს ყველა ხელისუფლებებში. ეს ავტორიტარული სისტემის მახასიათებელი გახლავთ.

ამიტომაა, რომ ვერ ხდება ბევრი რამის გამოაშკარავება და ყველაფრისთვის სახელის დარქმევა. როცა ყველაფერს თავის სახელი არ ერქმევა, სწორედ მაშინ ხდება პრობლემების დაგროვება და შემდეგ კი მათი მიჩქმალვა. თუ უნდა მიჩქმალო, მაშინ მედია უნდა აკონტროლო. ეს ყველაფერი კი ერთმანეთზეა მიბმული.

ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევებშიც მუშაობს ავტორიტარული სისტემის მანქანა და ვერ ხდება ვერც უმარტივესი საქმეების გამოძიება და ვერც ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა. ის, რაც ჩვენ ტელევიზიით ვნახეთ, მხედველობაში მაქვს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ევროპის ჩემპიონის ცემა, იმას რაღა გამოძიება უნდა?

- როდესაც მედია ცდილობს პასუხგაუცემელ კითხვებზე პასუხის მოძიებას, დამკვირვებელთა ნაწილი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ უკანასკნელ პერიოდში განვითარებული პროცესები დრამატულად სულაც არ ვითარდება. მეტიც, მათივე მტკიცებით, „ხდება ამ პროცესების ხელოვნურად დრამატიზირება“. თქვენ აზრით, რასთან გვაქვს საქმე - პროცესების ხელოვნურ დრამატიზირებასთან, თუ ხელისუფლების უსუსურობასთან?

- მე ვერ გეტყვით, რომ რომელიმე საკითხის დრამატიზირება ხდება. როდესაც ხელისუფლება კარგავს რეიტინგს და საზოგადოების ნდობა მცირდება, ნებისმიერი გახმაურებული ფაქტი მოსახლეობაში იწვევს მკვეთრ რეაქციებს.

კომუნისტების დროს ანეკდოტივით დადიოდა ასეთი გამონათქვამი - ისე მაგრად წვიმს და ამ მთავრობას რა უთხრაო? მთავრობა იმდენად მიუღებელი იყო, რომ ხალხი უიმინდობასაც მთავრობას აბრალებდა.

თუ ვინმე თვლის, რომ ხელოვნურად ხდება რაიმეს დრამატიზება, რა თქმა უნდა, შეუძლია ასე იფიქროს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს გახლავთ რეაქცია იმაზე, რომ ხელისუფლებას არ აქვს პასუხები ისეთ კითხვებზე, რომელზეც პასუხი მას წესით უნდა ჰქონდეს. ამას რაც არ უნდა დავარქვათ, ამით რეალობა არ შეიცვლება

ეხლაც ასეა, ის საკითხები, რომელიც ახლა ხდება, 2012-2013 წლებში რომ ხდებოდეს, მოსახლეობა ყურადღებას არ მიაქცევდა, რადგან ხელისუფლებისადმი ნდობა იყო მაღალი, ახლა კი ასე არაა, ამიტომ ბევრ კითხვაზე ხელისუფლების მხრიდან პასუხგაუცემლობა აშკარად იწვევს გაღიზიანებას.

თუ ვინმე თვლის, რომ ხელოვნურად ხდება რაიმეს დრამატიზირება, რა თქმა უნდა, შეუძლია ასე იფიქროს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს გახლავთ რეაქცია იმაზე, რომ ხელისუფლებას არ აქვს პასუხები ისეთ კითხვებზე, რომელზეც პასუხი მას წესით უნდა ჰქონდეს. ამას რაც არ უნდა დავარქვათ, ფაქტია, ამით რეალობა არ შეიცვლება.

- გასული წლის შეფასებისას თქვენ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებდით - „მოსახლეობაში დაიწყო გაუცხოებისა და პოლარიზაციის პროცესი, რაც თვალნათვლივ გამოჩნდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურში“.

პრინციპში ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ თუ ასე გააგრძელა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის კარგ პოლიტიკურ ფორმაში ვერ იქნება. ვგულისხმობ „ოცნების“ რეიტინგს და საზოგადოების მხრიდან მის მიმართ ნდობას. თქვენი აზრით, ეს ხელისუფლებას გაცნობიერებული აქვს თუ არა?

- როგორც ჩანს, არა. გამომდინარე იმ განცხადებიდან, რაც მოსამართლეებთან დაკავშირებით „ოცნების“ პოლიტსაბჭოს სახელით გავრცელდა, როგორც ჩანს, ეს მთლად გაცნობიერებული არ აქვთ.

მივმართავ ხელისუფლებას - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება უფრო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ანალოგიური, ვიდრე მეორე ტურის. მათ უნდა იმსჯელონ და დასკვნებიც გამოიტანონ. ამიტომაა, რომ ვამბობ - არჩევნებში ძალოვანი სტრუქტურების იმედად ყოფნა, შეცდომაა. როგორც ჩანს, მმართველ გუნდში სხვა დასკვნები აქვთ გაკეთებული

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მე ხელისუფლების მხარდამჭერი გახლდით სხვადასხვა ფაქტორების გამო და უპირველესად იმის გამო, რომ საპრეზიდენტო თანამდებობას ხელისუფლების კანდიდატი ზურაბიშვილი არ გამოიყენებდა. რა თქმა უნდა, ეს არჩევანი შეგნებულად გავაკეთე.

სხვათა შორის, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც კარგად უნდა გაიაზრონ რა მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში და იქიდან გააკეთონ დასკვნები. ჩემს მსგავსად არჩევანი ბევრმა გააკეთა.

მივმართავ ხელისუფლებას - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება უფრო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ანალოგიური, ვიდრე მეორე ტურის. მათ უნდა იმსჯელონ და დასკვნებიც გამოიტანონ. ამიტომაა, რომ ვამბობ - არჩევნებში ძალოვანი სტრუქტურების იმედად ყოფნა შეცდომაა. როგორც ჩანს, მმართველ გუნდში სხვა დასკვნები აქვთ გაკეთებული.

- ვხედავთ, რომ „ნაცმოძრაობას“ 2020 წლის არჩევნებისთვის მზადება დაწყებული აქვს. რჩება შთაბეჭდილება, რომ „ნაციონალების" გააქტიურებაზე ხელისუფლება ვერც ეფექტურად და ვერც მკაფიოდ ვერ რეაგირებს და თუ პროცესები ასე გაგრძელდა, „ოცნებას“ გაუჭირდება ძალაუფლების შენარჩუნება.

სავარაუდოდ, როგორ განავითარებს თავის აქტიურობას „ნაცმოძრაობა?" თქვენ გასული წლის ბოლოს ამბობდით, რომ „ნაციონალებს“ თავის რებრედინგზე ზრუნვა მოუწევთ. მაგრამ, ვხედავთ, რომ „ნაციონალები“ მეტ-ნაკლები წარმატებით სახეშეუცვლელადაც ახერხებენ მყარი ელექტორატის შენარჩუნებას...

- გულწრფელად რომ გითხრათ, არც ხელისუფლება მადარდებს და არც „ნაცმოძრაობა“. მადარდებს ის, რომ 2020 წლის არჩევნებამდე მივიდეთ სტაბილურად და რაც მთავარია არჩევნების შემდეგ შევინარჩუნოთ სტაბილური ვითარება.

თუ „ოცნების“ განცხადებებს შევადარებთ იმ განცხადებებს, რასაც სააკაშვილი აკეთებს, დავინახავთ, რომ პროცესები რადიკალიზაციისკენ მიდის. თუ პოლიტიკური ველიდან სააკაშვილი გავიდა და ოპოზიცია გაერთიანდა, მას აქვს შანსი 2020 წელს არჩევნებში დაამარცხოს ხელისუფლება.

ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ „ნაციონალების“ კატეგორიული მიუღებლობა საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ ახლა ასე აღააა. თუ პოლიტიკური პროცესი ისე გაგრძელდა, როგორც ახლაა, „ნაციონალების“ მიუღებლობა შესაძლოა საერთოდ განულდეს.

ასეთ ვითარებაში, ხელისუფლებისთვის სისტემაც ვერ იქნება საყრდენი, რადგან ამ სისტემაში მომუშავე ხალხი ყოველთვის ახერხებდა ხარ ერთის სამსახურში ყოფნას, ხან მეორის სამსახურში ჩადგომას. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი აცხადებს, რომ შესანიშნავ ანალიზს აკეთებს, ჩემი აზრით, იგი სწორედ ანალიზში უშვებს კატასტროფულ შეცდომებს.

თუ 2020 წლის არჩევნებისთვის „ნაციონალების“ კატეგორიული მიუღებლობის ბარიერი საზოგადოებაში გადაილახა, „ოცნებას“ სააკაშვილისგან მტრის ხატის ძერწვა აღარ უშველის და ის არჩევნებს წააგებს. თუ კარგად დავაკვირდებით, ეს ბარიერი საზოგადოებაში ნელ-ნელა იშლება და ამას ხელისუფლება ვერც კი ამჩნევს. თუ ასე გაგრძელდა, ამგვარ რეალობაზე პოლიტიკური სპექტრის რეაქცია არ დააყოვნებს და ეს ხელს შეუწყობს ახალი გაერთიანების შექმნას.

- ისეთი პირი უჩანს, რომ 2020 წლის არჩევნები ისევ ივანიშვილისა და სააკაშვილის დაპირისპირების ნიშნით წარიმართება...

- “ოცნებაც“ და „ნაციონალებიც“ ცდილობენ რომ 2020 წლის არჩევნები ისევ ივანიშვილისა და სააკაშვილის დაპირისპირების ნიშნით წარიმართოს, ამასვე ცდილობს როგორც ივანიშვილი, ისე სააკაშვილი.

აღმოჩნდება თუ არა ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში იმ რაოდენობის ხალხი, რომლებიც უარს ეტყვიან როგორც ერთს, ისე მეორეს, ამას 2020 წლამდე დარჩენილი დრო გვიჩვენებას. მე ვისურვებდი, რომ ამგვარი რამ ყოფილიყო.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს