გარემოს ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას აგრძელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ისევ აგრძელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა 28 იანვარს თბილისში განთავსებულ სამ ავტომატურ სადგურზე. კერძოდ წერეთლის გამზირზე - 1.5-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე - 2.1-ჯერ, ვაშლიჯვარში - 1.3-ჯერ, ქ.ქუთაისში 1.1-ჯერ, ხოლო ბათუმში 1.2-ჯერ. 29 იანვარს -თბილისში წერეთლის გამზირზე - 1.1-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე - 1.2-ჯერ, ქ.ქუთაისში 1.7-ჯერ, ხოლო ბათუმში 1.8-ჯერ. 30 იანვარს - წერეთლის გამზირზე - 1.3-ჯერ, ვაშლიჯვარში - 1.2-ჯერ, ქუთაისში - 1.3-ჯერ, ბათუმში კი 2.2-ჯერ. 31 იანვარს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე : კერძოდ ყაზბეგის ბამზირზე 1.3-ჯერ, წერეთლის გამზირზე, ვარკეთილში, ვაშლიჯვარსა და ქ.ქუთაისში 1.5-ჯერ, ხოლო ბათუმში 1.7-ჯერ. პირველ თებერვალს წერეთლის გამზირზე - 2.2-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე - 1.7-ჯერ, ვარკეთილსა და ვაშლიჯვარში - 2-ჯერ, ხოლო ქუთაისში - უმნიშვნელოდ. ყველა ეს გადაჭარბება გამოწვეული იყო სინოპტიკური სიტუაციის შედეგად - საქართველოს ტერიტორიაზე უდაბნოს მტვრის გავრცელების გამო. 2 თებერვალს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა, ხოლო 3 თებერვალს გადაჭარბება იყო ქუთაისში 1.2-ჯერ და ბათუმში - 1.1-ჯერ.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირზსა და ქ.ბათუმში 1.1-ჯერ, ხოლო ქ.ქუთაისში - უმნიშვნელოდ. ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.5-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.6-ჯერ.

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: დიღმის მასივი, მე-4 კვარტალი, N23 საბავშვო ბაგა-ბაღთან. დიღმის მასივი, მე-5 კვარტალი, N40 საბავშვო ბაგა-ბაღთან, დიღმის მასივი, მე-4 კვარტალი 130-ე საჯარო სკოლასთან, დიღმის მასივი, მე-4 კვარტალი, N19 ბაგა-ბაღთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს სამინისტროს პორტალზე www.air.gov.ge, ასევე ყოველკვირეულად შესაძლებელია საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.