გიგი წერეთელი ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი გიგი წერეთელი აშშ სენატის თავდაცვის კომიტეტების მიერ ორგანიზებულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, გიგი წერეთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს შეეხო და რეგიონის სტაბილურობისა და განვითარებისთვის აშშ-ის, ნატოსა და ევროკავშირის როლზე ისაუბრა. საქართველოსა და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე აგრესიულ ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება. ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გიგი წერეთელმა იმ საშუალებებზეც ისაუბრა, რომელსაც რუსეთი როგორც სამხედრო ისე „რბილი ძალის“ მეშვეობით დასავლეთთან კონფრონტაციისა და არსებული სტატუს-ქვოს შენარჩუნებისათვის იყენებს. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ცალკე გამოყო ეუთოს აქტიური ჩართულობა იმ პროექტებში, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში შესაბამისი მისიების მიერ ხორციელდება. რაც თავის მხრივ, დემოკრატიული რეფორმების ეფექტურად განხორციელებას და რეგიონის ქვეყნების დასავლეთთან ინტეგრაციას უწყობს ხელს.

ფორუმს აშშ-ის კონგრესისა და სენატის წევრები, ბალკანეთის ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები და ექსპერტები ესწრებოდნენ. ღონისძიებას კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ ინჰოფი უძღვებოდა.

გიგი წერეთელმა თანამშრომლობის კონკრეტულ საკითხებზე ალბანეთის პრეზიდენტთან, ილირ მეტასთან, ასევე მონტენეგროს, მაკედონიის და სერბეთის საპარლამენტო ლიდერებთან შეხვედრები გამართა. იგი ასევე ვაშინგტონის კაპიტოლიუმში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოველწლიურ მიმართვას სტუმრის სტატუსით დაესწრო.

საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს