ანა დოლიძე - შტურმზე ნამდვილად ვიღებ პასუხისმგებლობას სრულიად გააზრებულად, თუმცა, ეს არ არის შტურმი სასამართლო ხელისუფლებაზე

შტურმზე ნამდვილად ვიღებ პასუხისმგებლობას სრულიად გააზრებულად, თუმცა, ეს არის შტურმი არა სასამართლო ხელისუფლებაზე, არამედ იმ არასწორ მეთოდებზე, რომლითაც ხორციელდება სასამართლო ხელისუფლების მართვა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა.

ამ განცხადებით ანა დოლიძე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ სახეზეა პოლიტიკური შტურმი სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, რასაც სჭირდება რეაგირება და რომ ეს შტურმი არის პოლიტიკური რევანში.

ანა დოლიძის თქმით, დღეს „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში არიან ის პირები, ვინც ოფიციალურად იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობაში წლების წინ. დოლიძის შეფასებით, აქედან გამომდინარე ირაკლი კობახიძე მსგავს განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს.

„შტურმზე ნამდვილად ვიღებ პასუხისმგებლობას სრულიად გააზრებულად. თუმცა ეს არის შტურმი არა სასამართლო ხელისუფლებაზე კონკრეტულად, არამედ იმ არასწორ მართვის მეთოდებზე, რომლითაც ხორციელდება სასამართლო ხელისუფლების მართვა. იმ ხალხზე, რომელიც ნამდვილად არ იმსახურებს რომ განსაჯოს ჩემი, თქვენი და ლევან გოგიჩაიშვილის ბედი. მითუმეტეს ერთხელ განსაჯეს და სრულიად პოლიტიკური მიზეზით მოახვედრეს ის ციხეში. ასეთი უამრავი შემთხვევაა.

ვანო ზარდიაშვილი იყო ზურაბ ადეიშვილის ყავის მომდუღებელი და ის იყო იურიდიული კომიტეტის პირველი მოადგილე უახლოეს წარსულში; ის იყო „ნაციონალური მოძრაობის" წევრი. ამას თავი გავანებოთ, ეს იყო ადეიშვილის კაბინეტთან მჯდომი ადამიანი. ახლა ირაკლი კობახიძე ბედავს და მე მეძახის და შალვა შავგულიძეს, სოსო ბარათაშვილს და დავით ჯანდიერს „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებელს. ვინც საკუთარი სისხლით და ჯანმრთელობით მოიყვანა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, როდესაც ის კაბინეტში, ღმერთმა იცის სად იყო.

დღეს „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში არიან ის პირები ვინც ოფიციალურად იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობაში. ანუ ირაკლი კობახიძეს ისინი უსხედან პარლამენტის სხდომებზე და როგორც მანამდე იმ რეპრესიულ კანონებს აწერდნენ ხელს, რომლის მეშვეობითაც უამრავი ადამიანი წავიდა ციხეში, დღეს ასევე აწერენ „ქართული ოცნების“ კანონებს ხელს. ამაზე რატომღაც არ აწუხებს სინდისი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა