ღამის კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებულის დედა - ჩემმა შვილმა აგენტ-პროვოკატორს "ფლუკოლდი" მიჰყიდა, თაღლითობა დანაშაულია და მისთვის ეს ჭკუის სასწავლებელი იქნებოდა, მაგრამ ახლა ბავშვს ღუპავენ

ჩემი შვილი ფრთიანი ანგელოზი არ არის, მაგრამ ბავშვს მიღუპავენ, მიწირავენ და მინდა სამართალი ვიპოვო, - ამის შესახებ 2018 წლის 12 მაისს, ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს დაკავებული 21 წლის ქეთი მურუსიძის დედამ, თეონა ტყაბლაძემ AMBEBI.ge-ს განუცხადა.

ის იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, მხოლოდ თაღლითობისთვის გასამართლდება და არა ნარკოტიკების გასაღებისთვის.

„სამწუხაროდ, პროკურატურისგან უსამართლობას შევხვდი. მე არ ვამბობ, რომ ჩემი შვილი ფრთიანი ანგელოზია, მან ნამდვილად ჩაიდინა თაღლითობა და ამ მუხლით უნდა მიუსაჯონ, მაგრამ ორ დანაშაულს ედავებიან: თაღლითობას და ნარკოტიკების გასაღებას, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. აგენტ-პროვოკატორი ქვეყნიდან გააპარეს და შეიძლება ითქვას, სწორედ მისი მეშვეობით ხელი შეუწყვეს ჩემს შვილს დანაშაულის ჩადენაში. აქამდე მატყუებდნენ, მეუბნებოდნენ საპროცესო შეთანხმებაზე წამოვალთო. არ იყო ეს ჩემთვის სახარბიელო, რადგან ჩემს შვილს უნდა ეღიარებინა დანაშაული, რაც არ ჩაუდენია. უკვე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მიზანმიმართულად მოხდა ყველაფერი, მაგრამ ვერ ვხვდები ვინ ვარ ან მე, ან ჩემი შვილი, ასეთი დაინტერესება რომ აქვთ“, - აღნიშნა ტყაბლაძემ.

მისივე თქმით, აგენტი-პროვოკატორი ლაზარე სილაგაძის სახელით ქეთის ინტერნეტით გაეცნო, მოატყუა, არადა, ის რეალურად სოლომონ მათიკაშვილია.

„ქეთი არის ალალი, შტერი ბავშვი. ისეთი მენტალიტეტით გავზარდე, ვერც ვიჯერებ, რომ ეს დანაშაული მან ჩაიდინა. ქეთიმ როცა გაიცნო აგენტ-პროვოკატორი, ის "შეძვრა" ამ ბავშვებში და ქეთის მეგობრებიც მისი აგენტები გახდნენ. ამას დაზუსტებით ვამბობ, ერთ-ერთი გოგონა, ქეთის მეგობარი, რომელიც საკონტროლო შესყიდვებისას კადრებშიც ჩანს, ქვეყნიდან მალევე წავიდა, მას შემდეგ, რაც სპეცოპერაცია ჩატარდა. ვიდეოშიც ჩანს, როგორ უდებს ქეთის მისი მეგობარი ჯიბეში თანხას. ქეთის საქმეში სულ ხუთი ეპიზოდია წარმოდგენილი, სამ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ ჩემმა შვილმა აგენტ-პროვოკატორს მიჰყიდა "ფლუკოლდი".

დაიკითხა აფთიაქის იურისტი და ემთხვევა, რომ იმ პერიოდში ქეთი ნამდვილად ყიდულობდა "ფლუკოლდს" აფთიაქში. ორ ეპიზოდზე გვედავებიან, რომ თითქოს ქეთიმ ნარკოტიკი მიყიდა "აგენტს", მაგრამ გავაკეთე დნმ-ის ანალიზი და დადასტურდა, რომ ჩემს შვილს იმ ორ მტკიცებულებასთან შეხება საერთოდ არ ჰქონია. აქამდე ხმას არ ვიღებდი, სანამ თავად არ დავრწმუნდი ჩემი შვილის სიმართლეში, უარს ვამბობდი ყველანაირ ინტერვიუზე. ახლა კი მიღუპავენ ბავშვს, მიწირავენ და მინდა სამართალი ვიპოვო. პირველივე შემთხვევისას თუ დააკავებდნენ ქეთის და მიუსჯიდნენ, მადლობას ვიტყოდი, რადგან თაღლითობა დანაშაულია და ჩემი შვილისთვის ეს ჭკუის სასწავლებელი იქნებოდა, მაგრამ ახლა ღუპავენ ბავშვს“, - აღნიშნა მან.

დაკავებულის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ბოლოს სახლიდან აღარ გადიოდა, სწავლა გააგრძელა, ვინაიდან სოლომონ მათიკაშვილთან ურთიერთობის გაგრძელება არ სურდა.

თეონა ტყაბლაძე ციხის ადმინისტრაციას მადლობას უხდის, რომ მის შვილს უმკურნალეს, რადგან იყო პერიოდი, როცა გამონაყარი გაუჩნდა, დეპრესია ჰქონდა, არ ჭამდა, წყალს არ სვამდა და ა.შ.

ტყაბლაძის ინფორმაციით, ამჟამად მისი შვილი აღიარებს თაღლითობას, ნანობს დანაშაულს, მაგრამ ნარკოტიკების გასაღების ნაწილში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

„უსამართლობას უყურებს ბავშვი - როგორ გაწირეს მეგობრებმა, მთავრობამ და ყველამ. ღმერთმა ქნას სწორი გადაწყვეტილება მიიღოს მოსამართლემ. სამართალი თუ არსებობს, ქეთი თაღლითობის მუხლით უნდა გასამართლდეს“, - აღნიშნა ტყაბლაძემ.

აღნიშნულ საქმეზე Ambebi.ge მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­სამ­სა­ხურსაც და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც აცხა­დე­ბენ, რომ "პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ, ბრალ­დე­ბულ ქ.მ. - ს საქ­მე­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი და სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უტყუ­ა­რად ადას­ტუ­რებს მისი მხრი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­სა­ღე­ბის ფაქტს".

იხილეთ ვიდეო: ღამის კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებულის დედა - ჩემმა შვილმა აგენტ-პროვოკატორს "ფლუკოლდი" მიჰყიდა, თაღლითობა დანაშაულია, მაგრამ ახლა ბავშვს ღუპავენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა