მარიამ ჯაში - დღეს გვექნება საშუალება განათლების მინისტრისგან ქრონოლოგიურად მოვისმინოთ, რა მოხდა ზუგდიდის მე-6 სკოლაში

დღეს გვექნება საშუალება განათლების მინისტრისგან ქრონოლოგიურად მოვისმინოთ, რა მოხდა ზუგდიდის მეექვსე სკოლაში, - ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა პარლამენტში პლენარული სესიის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პარლამენტის საქმიანობა პრაქტიკულად ეძღვნება განთლების სფეროს.

„ეს იქნება 2018 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში და საუბარი შეეხება იმ რეფორმებს, რომელიც დაანონსდა. დეტალურად ვისაუბრებთ საგამოცდო პროცესზე, ინფრასტრუქტურაზე, სკოლის უსაფრთხოებაზე. 19:00 საათზე კი უმცირესობის მიერ ჩანიშნულია კომიტეტის სხდომა, სადაც დეტალურად გავივლით ზუგდიდის მეექვსე სკოლის შემთხვევას. ჩვენ გვსურდა 28 დეკემბერს მოგვესმინა განათლების სამინისტროს გენინსპექციის სამსახურის ანგარიში, მაგრამ ჩვენმა კოლეგებმა არ მოგვცეს ამის საშუალება. დღეს კი მოხდება ქრონოლოგიური მოსმენა მინისტრისგან, თუ რა მოხდა“, - განაცხადა ჯაშმა.

დღეს პარლამენტში განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს ჯერ პლენარულ სესიაზე, შემდეგ კი კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.

შეგახსენებთ, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, ია კერზაია განიცდიდა. კერძოდ, ბაჩანა შენგელია, სკოლაში აუდიტის სამსახური შესვლას პედაგოგზე ზეწოლად აფასებდა.