გედევან ფოფხაძე - გვაქვს არგუმენტები, როგორც გუნდთან ერთად ყოფნის, ასევე გუნდიდან წამოსვლის თაობაზე

ჩვენთვის ახლა პრინციპულია, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებულ პროცესზე ზეგავლენა მოვახდინოთ - თუ შევძლებთ ამ ზეგავლენის მოხდენას გუნდის შემადგენლობაში, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ გააკეთა.

ფოფხაძემ აღნიშნა, რომ არის აზრთა სხვადასხვაობა და ეს ბუნებრივია.

“ეს არც იმალებოდა და ამ დღეების განმავლობაში ფიქსირდებოდა. განსხვავებული აზრი მთელ რიგ საკითხებზე გვქონდა. აზრთა სხვადასხვობა რამდენად გამოიწვევს ჩვენსა და გუნდს შორის დინსტანცირებას, ამასთან დაკავშირებით უნდა ჩამოვყალიბდეთ. ამიტომ ახლა ვფიქრობთ, გვაქვს ერთმანეთთან საუბარი - გვაქვს არგუმენტები, როგორც გუნდთან ერთად ყოფნის, ასევე გუნდიდან წამოსვლის თაობაზე. დრო გვჭირდება იმისათვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილებაზე ჩამოვყალიბდეთ. თუკი გვექნება რესურსი იმისა, რომ გუნდის ფარგლებში რაიმე სარგებელი მოვუტანოთ პროცესს, ამ ეტაპზე ყველანაირად ვცდილობთ, რომ ამ პროცესს ჩვენი იდეებით, წინადადებებით წავეშველოთ. მეორეს მხრივ, როცა პარტიამ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა იმ განცხადების სახით, რაც გამოქვეყნდა, რბილად რომ ვთქვათ, განცხადების პათოსი ჩვენთვის ბოლომდე მისაღები არ არის“, - განუცხადა ჟურნალისტებს გედევან ფოფხაძემ.