შს სამინისტრო პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმის გამოძიებაში დახმარებას პარტნიორებს სთხოვს

დარწმუნებული ვარ, რომ მივალთ პირველწყარომდე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც გახარიამ განმარტა, კიბერდანაშაული რთულად გამოსაძიებელია, რის გამოც, ისინი დახმარებისთვის პარტნიორებს მიმართავენ.

"გამოძიება გრძელდება, თუ დაგვჭირდა გარკვეულ ეტაპზე, რამეთუ ეს არ არის ტექნიკურად მარტივი. ვფიქრობთ, რომ ჩვენს პარტნიორებს ვთხოვოთ დახმარება, რადგან კიბერდანაშაული საკმაოდ რთულად გამოსაძიებელი დანაშაულია. მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენი მეგობარი უწყებების რესურსი იმისთვის, რომ უპირველეს მიზანს მივაღწიოთ და გავრცელების პირველწყაროს მივაგნოთ", - განაცხადა გახარიამ.

შს მინისტრის განმარტებით, საგამოძიებო უწყება კომპრომისებს არ დაუშვებს და განსხვავებული მიდგომა არ ექნება ფარული ვიდეოჩანაწერის გამავრცელებლებსა და პირველწყაროს შორის.

"მინდა გითხრათ, ეს იმდენად მძიმე დანაშაულია ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და მთლიანად სამართალდამცავი სისტემისთვის, რომ არანაირი სხვაობა არ აქვს და არ ექნება გავრცელებას, პირველწყაროს თუ შენახვას შორის. როგორც კი აქ დავუშვებთ კომპრომისს და გვექნება განსხვავებული მიდგომები გავრცელებას, შენახვას და პირველწყაროს შორის, რა თქმა უნდა, მსგავს დანაშაულთან ბრძოლა ძალიან რთული იქნება. გვესმის საზოგადოების ზოგ შემთხვევაში კრიტიკა, რომ საკმაოდ მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწია, თუმცა ჩვენ იძულებული ვართ ეს გავაკეთოთ და ამას გავაგრძელებთ. დარწმუნებული ვარ, რომ მივალთ პირველწყარომდე", - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: შს სამინისტრო პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმის გამოძიებაში დახმარებას პარტნიორებს სთხოვს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა