ქეთევან ციხელაშვილი - ე.წ. საგუშაგოები და მავთულხლართები საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან  ადამიანების წინააღმდეგ გამოცხადებული ყოველდღიური ბრძოლაა

„საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საგუშაგოებს ამონტაჟებს, რათა ზეწოლა გააძლიეროს და კიდევ უფრო კარგად დააკვირდეს რამდენი ოსი მოსახლე ცდილობს გადმოლახოს საოკუპაციო ხაზი და გადმოვიდეს კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ ხურვალეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები რიგითი მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული.

„ეს პოლიტიკა - საოკუპაციო ხაზების გასწვრივ ასეთი ხელოვნური ბარიკადების მშენებლობა წლების განმავლობაში გრძელდება. კითხვაზე, არის თუ არა ეს რაიმე სამხედრო ობიექტი? გიპასუხებთ, რომ რა თქმა უნდა, არ არის. ამ ყველაფრის მშენებლობა - ე.წ. საგუშაგო, მავთულხლართების მონაკვეთები ადამიანების საკუთრებაში, ეზოებში, ცხვირწინ, ადამიანების წინააღმდეგ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გამოცხადებული ყოველდღიური ბრძოლაა. მოგეხსენებათ, ცხინვალის მიმართულებით მოძრაობა დღესაც კი შეზღუდულია ერთადერთ ე.წ. გადასასვლელ პუნქტზე, რომელიც ოძისზა და ახალგორს აკავშირებს და რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალგორში მცხოვრები ქართველებისათვის, არამედ ოსებისათვის. საოკუპაციო რეჟიმი მოსახლეობას, ისედაც 80 %-ით დაცარიელებულ ცხინვალის რეგიონში, ფაქტობრივად, სასუნთქ გზას უკეტავს. ახლა ე.წ. საგუშაგოებს ამონტაჟებს, რათა ზეწოლა გააძლიეროს და კიდევ უფრო კარგად დააკვირდეს რამდენი ოსი მოსახლე ცდილობს გადმოლახოს საოკუპაციო ხაზი და გადმოვიდეს კონტროლირებად ტერიტორიაზე. „სპუტნიკი“ აცხადებს, რომ მიმდინარე წელს უკვე 40-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და ბუნებრივია, მათი 90 % ისეთია, ვინც ცხინვალის რეგიონიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებებისათვის. ამაზე მეტი ცინიზმის წარმოდგენა ფაქტობრივად შეუძლებელია,“ – განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება რეაგირებას, გუშინ საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს ჰქონდათ შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რომელიც, სამწუხაროდ, მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პატრულირებს, რადგან რუსეთის პოზიციების გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეღწევის შესაძლებლობაც არ ეძლევა, რაც მას მანდატით განსაზღვრული აქვს.

„რა თქმა უნდა, ინფორმირებულები არიან თანათავმჯდომარეები, მათ შორის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ახლა საქართველოში იმყოფება. შეხვედრები გვქონდა და გვექნება კიდეც. ხვალ კი ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრაა ჩანიშნული, რომელზეც ბევრ სხვა მწვავე საკითხთან ერთად, ბუნებრივია, ხელოვნური ბარიკადების მონაკვეთების მშენებლობის ეს უახლესი ეპიზოდებიც იქნება დაყანებული“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

აღნიშნულ კომენტარს სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა