ელენე ხოშტარია განათლების მინისტრს - რადიკალური გადაწყვეტილებები, რომლებიც უცებ „დაგვეცა“ თავს, რა კავშირშია განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან?

ეს რადიკალური გადაწყვეტილებები, რომლებიც ყველანაირი მსჯელობის გარეშე, ასე უცებ „დაგვეცა“ თავს, რა კავშირშია განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან? - ამ შეკითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განათლების, მეცნერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

ელენე ხოშტარიას თქმით, დაბნეულობაა იმასთან დაკავშირებით, განათლების სისტემაში არსებული სიახლეები რა შედეგებს მოიტანს.

„ძალიან დიდი დაბნეულობაა იმასთან დაკავშირებით, რადიკალური გადაწყვეტილებები რა შედეგებს მოგვიტანს. ეს რადიკალური გადაწყვეტილებები, რომელიც ყველანაირი მსჯელობის გარეშე, ასე უცებ „დაგვეცა“ თავს, რა კავშირშია განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან? ამას მე ჩასაფრებული და ირონიული პოზიციით არ გეუბნებით. ამ გამოცდას რომ აუქმებთ, ამით განათლების ხარისხი როგორ იზრდება? ეს ნამდვილად უნდა აგვიხსნათ და დაგვისაბუთოთ.

თქვენ ჰუმანიტარული და ტექნიკური მიმართულებების დაყოფაზე ისაუბრეთ. მე რა ახსნაც მოვისმინე, იყო ის, რომ „სირცხვილია, ქართველმა კაცმა ისტორია არ იცოდეს“. მე სიტყვებზე არ გამოგეკიდებით, ალბათ საქართველოს მოქალაქეებს გულისხმობდით, მაგრამ საქართველოს მოქალაქე მათემატიკოსმა რომ არ იცოდეს ისტორია, ეს სირცხვილი არ არის? იქნებ, ცოტა უფრო სერიოზული ახსნა მოგვცეთ, ამას საფუძვლად რა უდევს და მითუმეტეს, მობილობაზე რა გავლენას მოახდენს“, - მიმართა ელენე ხოშტარიამ განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს.