ადვოკატი - ოთარ ფარცხალაძის თხოვნა იყო, მისი დასწრების გარეშე საქმე არ განხილულიყო, რადგან სურს, საკუთარი უდანაშაულობა სასამართლოში დაადასტუროს

ოთარ ფარცხალაძის თხოვნა იყო, მისი დასწრების გარეშე საქმე არ განხილულიყო, ვინაიდან მას სურს საკუთარი უდანაშაულობა თავად, თქვენთან ერთად დაადასტუროს სასამართლოში, - ამის შესახებ ბრალდებული ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ფარცხალაძეს აბსურდული ბრალი აქვს წარდგენილი და დაცვის მხარე მისი უდანაშაულობის დამტკიცებას შეძლებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ოთარ ფარცხალაძეს დიდი სურვილი ჰქონდა დღევანდელ პროცესს დასწრებოდა, სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ მოახერხა სასამართლო პროცესზე გამოცხადება. თუმცა, მისივე თხოვნა იყო, მისი დასწრების გარეშე არ განხილულიყო საქმე, ვინაიდან სურს საკუთარი უდანაშაულობა თავად, თქვენთან ერთად დაადასტუროს სასამართლოში. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას სამართლებრივად და დავადასტურებთ ოთარ ფარცხალაძის უდანაშაულობას წარდგენილ აბსურდულ ბრალში. თუ რა სახის ჯანმრთელობის პრობლემა აქვს მას, კონფიდენციალური ინფორმაციაა და გასაჯაროების უფლება არ მაქვს", - განაცხადა მოსიაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიხეილ ჩოხელის ბრალდების საქმის განხილვა უნდა გამართულიყო, გადაიდო.

აღნიშნულის მიზეზი სხდომაზე ფარცხალაძის გამოუცხადებლობა გახდა.

ფარცხალაძეს სახელმწიფო ბრალდება ყოფილი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემას ედავება.

დაზარალებული ლაშა თორდია ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას განცხადებით, მას თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაესხა და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა.

ოთარ ფარცხალაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ცემას გულისხმობს.