ახალი ფოტოალბომის - „რელიგიები საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა

7 თებერვალს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ახალი პროექტის, ფოტოალბომის - „რელიგიები საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. ამ ფორმატის ფოტოალბომი საქართველოში პირველად დაიბეჭდა. მასში საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, ებრაული თემის, ლათინ - კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაციის, მუსლიმანური თემის, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, იეზიდთა თემის, ევანგელურ - ლუთერული ეკლესიის, სახარების ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, ევანგელურ - პროტესტანტული ეკლესიის, სახარების რწმენის ეკლესიის, კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების საკულტო ნაგებობების, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული სალოცავების ფოტოსურათები და რელიგიურ ლიდერთა ბიოგრაფიებია თავმოყრილი.

პრეზენტაციას რელიგიური ორგანიზაციების ლიდერები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ექსწრებოდნენ.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ფოტოალბომი საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას ასახავს და ხაზს უსვამს ჩვენი მოქალაქეების შემწყნარებლობას განსხვავებულთა მიმართ. ამავდროულად, სააგენტოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე. მისი თქმით, იქ მიმდინარეობს დარჩენილი მოსახლეობის ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დევნა, ადგილი აქვს ეთნიკურ-რელიგიურ ჩაგვრას, ირღვევა და ფეხქვეშ ითელება ადამიანის ყველა უფლება - გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და რელიგიური აღმსარებლობის განხორციელების უფლების ჩათვლით.

„ჩვენთვის ცნობილია უამრავი ფაქტი, როცა, მაგალითად, ოკუპირებულ აფხაზეთში ზუგდიდიდან, ოკუპაციის კანონის ფარგლებში, გადადიან, საკუთარ მრევლს ხვდებიან და რელიგიურ მსახურებას აღასრულებენ კათოლიკური ეკლესიისა და ლუთერული ეკლესიის წარმომადგენლები. მათ მიმართ არც სოხუმს და არც მოსკოვს რაიმე პრობლემა არ აქვთ. და ეს მისასალმებელია, ეს ასეც უნდა იყოს - ნებისმიერი პოლიტიკური კონფლიქტის მიუხედავად, ადამიანებს უნდა მიეცეთ რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლად განხორციელების საშუალება. ჩვენს უკიდურეს აღშფოთებას იწვევს მხოლოდ ის ფაქტი, რომ ამგვარი უფლებით არ სარგებლობენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ქართველი მართლმადიდებლები. რა არის ეს, თუ არა ეთნიკურ-რელიგიური დისკრიმინაცია მხოლოდ და მხოლოდ ქართველების, მხოლოდ და მხოლოდ ქართველი მართლმადიდებლების, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურთა მიმართ? რა არის ეს, თუ არა მხოლოდ ქართველი მართლმადიდებლების ეთნიკური და რელიგიური ნიშნით გამოცალკევება, სეგრეგაცია?“ - აღნიშნა ვაშაყმაძემ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტო მომავალშიც განახორციელებს პროექტებს, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების ჰარმონიული თანაარსებობისა და განვითარებისკენ იქნება მიმართული.

აღნიშნულ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა