მიხეილ ბატიაშვილი - გარემოს დაცვის საკითხებზე განთლების პროგრამა მომზადებულია, რომლის პირველ ეტაპზე შეტანა ბაღებში დაიწყება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვის საკითხებზე განათლების თაობაზე პროგრამა მომზადებულია, რომლის პირველ ეტაპზე შეტანა ბაღებში დაიწყება.

როგორც მინისტრმა პარლამენტის პლენერულ სხდომაზე განაცხადა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მუშაობა დაიწყება იმისთვის, რომ გარემოს დაცვის თემებზე განათლების საკითხის შეტანა დაწყებით კლასებშიც მოხდეს.

„ჩვენც ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი თემაა. აქაც გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებულია ბავშვების სასწავლო პროგრამა. პირველ ეტაპზე ეს ბაღების დონეზე დაიწყება. დაწყებაში ვგულისხმობ იმას, რომ პროგრამა მომზადებულია, პედაგოგების გადამზადება დასრულებულია ამ კუთხით. დაიწყება ამ პროგრამის შეტანა, რომელიც ბავშვებს თავისთავად გარემოს დაცვაზე, ეკოლოგიაზე და ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სწორ წარმოდგენას შეუქმნის, მისცემს სწორ ინფორმაციას, რომელიც ადრეული ასაკიდან ვთქვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად უკვე დაწყებით კლასებში ვიმუშავებთ, რომ მაქსიმალურად ადრეულად მოხდეს კონკრეტულად ასეთი საკითხების სკოლებში შეტანა“, - განაცხადა ბატიაშვილმა.