ქართული პრესის მიმოხილვა 08.02.2019

"სასკოლო გამოცდების გაუქმებით მივიღებთ იმას, რომ ატესტატებს გაყიდიან ისე, როგორც ჰყიდდნენ 1990-იან წლებში"

"თუ გვაქვს შემდგარი სახელმწიფო, მაშინ ყველა სფეროში რატომაა პრობლემები?" - იგორ კვესელავა

***

"სასკოლო გამოცდების გაუქმებით მივიღებთ იმას, რომ ატესტატებს გაყიდიან ისე, როგორც ჰყიდდნენ 1990-იან წლებში"

"მე-11 და მე-12 კლასის გამოსაშვები, ე.წ. კატის გამოცდების გაუქმებაზე განხილვები არ ცხრება და „ასე ერთი ხელის მოსმით" მოსწავლეებისთვის 8 გამოცდის გაუქმების გამო განათლების მინისტრს „ოცნების" დეპუტატების ნაწილიც აკრიტიკებს და წინა ხელისუფლების წარმომადგენლებიდანაც დიდი კრიტიკაა. პოლიტიკოსებისგან განსხვავებით კი განათლების სფეროს სპეციალისტების დიდი ნაწილი ამ გამოცდების გაუქმებას მიესალმება და აცხადებენ, რომ „კატი" ვერ ამოწმებდა განათლებას. თუმცა სპეციალისტების ნაწილი ასევე თვლის, რომ ატესტატის მისაღებად სკოლებში აუცილებლად უნდა არსებობდეს სხვა სტილის, უფრო გამართული გამოცდა, ხოლო მეორე ნაწილი გამოცდების საერთოდ გაუქმების მომხრეა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "სასკოლო გამოცდების გაუქმებით მივიღებთ იმას, რომ ატესტატებს გაყიდიან ისე, როგორც ჰყიდდნენ 1990-იან წლებში" / რას მიუტანს მოსწავლეებს სასკოლო გამოცდების გაუქმება

"პარლამენტში გამოსვლისას განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ რეალურად მე-11 და მე-12 კლასის ალტერნატივა გახდა „კატის" გამოცდებისთვის მომზადება და არა სკოლაში სასკოლო პროგრამების სწავლა და „არ შეიძლება მე-11, მე-12 კლასის, ანუ განათლების ძირითად ბოლო ორ წელიწადში, მიმწოდებელი გახდეს რეპეტიტორის ინსტიტუტი". განათლების ექსპერტები მხოლოდ იმაში თანხმდებიან, რომ "კატი" კარგი არ იყო, თუმცა რა არის კარგი მოსწავლეების უკეთ განათლებისთვის, ამაში განსხვავებული პოზიციები აქვთ. განათლების მინისტრის ყოფილი მრჩეველი დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ სასკოლო გამოცდების საერთოდ გაუქმება კარგს არაფერს მოიტანს - „კატის" გამოცდები მაინცდამაინც სრულყოფილი და კარგი არ იყო და დაბალ დონეზე ამოწმებდა ცოდნას, თუმცა ამის ხათრით მაინც დადიოდა ვიღაც სკოლაში და ახლა გამოცდების გაუქმებით საერთოდ აღარავინ ივლის. „გამოცდების გაუქმება ახალი არ არის. ჩვენ გვახსოვს 2005-2006 წლებში, როცა ლომაიას რეფორმა იწყებოდა, სასკოლო გამოსაშვები გამოცდები მოხსნეს. ამან ის შედეგი მოგვცა, რომ ბავშვები საერთოდ აღარ დადიოდნენ სკოლაში, განსაკუთრებით დამამთავრებელ კლასებში და იმავე ხელისუფლების დროს გამოცდები კვლავ დააბრუნეს. ერთ-ერთი დასაბუთება იყო, რომ ბავშვების სკოლაში სიარულის სტიმული უნდა გაჩენილიყო. ასე, რომ წინასწარ ვიცით რა შედეგი მოჰყვება გამოცდების გაუქმებას - ბავშვები სკოლაში საერთოდ არ ივლიან," - აღნიშნავს ზურაბიშვილი“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ზურაბიშვილის თქმით, გამოცდები აუცილებლად უნდა იყოს. „მოსწავლეს, რომელიც ატესტატს იღებს, ელემენტარულ დონეზე ცოდნა უნდა ჰქონდეს. მსოფლიოში რამდენიმე მოდელია, მაგალითად არის, როცა სკოლის გამოსაშვები გამოცდა ხდება უნივერსისტეტში ჩაბარებისას განსჯის საგანი. მე ვთვლი, რომ გამოცდა ცენტრალიზებულად უნდა ჩატარდეს და ჩაატაროს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა. სკოლების შიგნით გამოცდების დატოვება კორუფციას და ჩაწყობებს გაზრდის,"- ამბობს ზურაბიშვილი. მისგან გასხვავებით განათლების სპეციალისტი რევაზ აფხაზავა ამბობს, რომ სწორედ დამამთავრებელ მე-11 და მე-12 კლასებში 4-4- გამოცდის შემოღების გამო არ დადიოდნენ ბავშვები სკოლაში საერთოდ, მთლიანად რეპეტიტორებზე იყვნენ გადართულები და ახლა, ამ გამოცდების გაუქმებით დრო გამოუთავისუფლდებათ და სკოლებს დაუბრუნდებიან. მისი თქმით, რა მიზანიც გააჩნდა კატის გამოცდებს, ის მიზანს ვერ ასრულებს - ის ვერ ამოწმებს ცოდნას, ამოწმებს მინიმალურ მეხსიერებას - „მეხსიერების შემოწმება კი არ არის ის მთავარი მიზანი, რაც ზოგად განათლებას უნდა ჰქონდეს. რატომღაც უნდა გხსომებოდა რაღაც ფაქტობრივი მონაცემები გავლილი მასალიდან, მაგალითად მე-5 კლასიდან და ეს თანამედროვე განათლების პარადიგმას საერთოდ ეწინააღმდეგება. ასევე თავად პროცესიც არ მიდიოდა ხეირიანად, იყო დახმარებით და კარნახით ხდებოდა ჩაბარება. კი, ამის გამოსწორება შეიძლებოდა, მაგრამ ამით არსებითად არაფერი იცვლებოდა. კატის გამოცდის არსი იყო არასწორი". აფხაზავას თქმით, „კატის" გამოცდები ბავშვებში უთანასწორობასაც წარმოშობდა - ვისაც ფული ჰქონდა, იმისთვის იყო ხელმისაწვდომი რეპეტიტორები, უფულო ბავშვები კი ვერც რეპეტიტორებთან დადიოდნენ და სკოლაშიც ვერ იღებდნენ განათლებას, რადგან მასწავლებლები რეპეტიტორობაზე იყვნენ ორიენტირებულები (რაც კორუფციასაც აჩენდა) და არა სკოლაში სწავლებაზე, რის გამოც უფულო ბავშვები მარგინალიზებული ხდებოდნენ და ეს ბავშვებში სოციალურ უთანასწორობას აღრმავებდა“, - განაგრძობს გამოცემა.

"ამასთან, აფხაზავას თქმით, ვინც კი ნორმალური მასწავლებელი იყო, სკოლებში საათებიც შეიმცირეს, რომ რეპეტიტორობისთვის მეტი დრო დარჩენოდათ, ახლა კი კვალიფიციური მასწავლებელი ისევ დაუბრუნდება სკოლას. „სწავლა სკოლაში უნდა დაბრუნდეს... უნდა განვითარდეს სასკოლო შეფასება, სკოლები წერენ ნიშნებს და ეს მიმართულება უნდა განვითარდეს. ასევე უნდა განვითარდეს გარე შეფასების ინსტრუმენტებიც. ანუ, ეროვნული შეფასება უფრო კომპლექსური გახდეს, რომ მეტი ინფორმაცია მივიღოთ სკოლების მიხედვით რა აკადემიური მოსწრება აქვთ ბავშვებს. მეტი საგანმანათლებლო პროექტები, მეტი კვლევები უნდა გააკეთონ ბავშვებმა, მეტი აქტიური ცოდნა მიიღონ, არაფორმალურ განათლებაში ჩაერთონ და არა ის, რომ გამოცდისთვის დააზეპირებინოს ბავშვს რაღაც. წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციას უნარები არ აქვს ბავშვებს, იმიტომ რომ რაღაცების დაზეპირებაზე არიან გადასულები, ეს საბჭოთა სკოლა უნდა დამთავრდეს. კვლევები გვაჩვენებს, რომ გამოცდაზე ორიენტირებული სისტემები არაეფექტურია," - ამბობს აფხაზავა. კატის" გამოცდები 2010 წელს შემოიღეს, როდესაც განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი იყო. შაშკინი „რეზონანსთან" ამბობს, რომ კატის გამოცდები იყო საპილოტე პროგრამა, რომელიც 2013 წლიდან უნდა გარდაქმნილიყო - „ჩვენ საატესტატო გამოცდები პილოტურ რეჟიმში შემოვიღეთ. მაშინ ვთქვით, რომ 2013 წლიდან მოხდება სრული ინტეგრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების და საატესტატო გამოცდების, ამერიკული და ევროპული მოდელების მიხედვით", - დასძენს გამოცემა.

"მისი თქმით, უნდა ყოფილიყო საატესტატო 8 გამოცდა შეცვლილი ფორმატით და პლუს დამატებით უნარების გამოცდა - უმაღლესში მოსახვედრად, რომელიც გრანტის განმსაზღვრელი უნდა ყოფილიყო და გიორგი მარგველაშვილმა ეს რეფორმა გააუქმა. „ის, რაც 2 წელი სატესტო რეჟიმში უნდა ყოფილიყო, გაგრძელდა 9 წლის განმავლობაში. ამ სასკოლო 8 გამოცდის ფორმატიც იცვლებოდა და იქნებოდა გამოცდები ისეთივე ფორმატის, როგორც არის აშშ-ში და ევროპაში. ეს რეფორმა ზუსტად „ქართული ოცნების" მიერ გაჩერდა. ნაგვის ყუთში გადააგდო მარგველაშვილმა. ეს წლებია მუდმივად ვაცხადებდი, რომ არ შეიძლება საატესტატო რეჟიმში არსებული გამოცდები 9 წელი გრძელდებოდეს,"- ამბობს შაშკინი. მისი თქმით, თუ კატის გამოცდის ფორმატმა არ იმუშავა, უნდა გააუმჯობესო და არა ის, რომ სკოლაში გამოცდები საერთოდ გააუქმო, რადგან „მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც ბავშვი ამთავრებს სკოლას გამოცდების გარეშე". შაშკინის განცხადებით, გამოცდების გაუქმებით სკოლებში სწავლება კიდევ უფრო გაუფასურდება. მასწავლებლების სერტიფიცირება რომ ჩატარდა წლების წინ, ფიზიკის მასწავლებლების 85% ჩაიჭრა, 92% ჩაიჭრა ქიმიის მასწავლებლებიდან. ამ პირობებში ვის სჯერა, რომ ამ გამოცდებზე ჩაჭრილი მასწავლებლები სასწავლო პროცესს იმდენად საინტერესოს გახდიან და იმდენად ახალ მეთოდებს შემოიღებენ, რომ ბავშვებს ფიზიკა და ქიმია შეუყვარდებათ?! გამოცდა არის ცოდნის შემოწმების ერთ-ერთი მეთოდი. სრული დემაგოგიაა, რომ სკოლა უნდა გაძლიერდეს და ყველაფერი კარად იქნება. როგორ უნდა შევამოწმოთ, სკოლამ ფიზიკის და მათემატიკის სწავლება გააძლიერა თუ არა. სასკოლო გამოცდების გაუქმებით მივიღებთ იმას, რომ ატესტატებს გაყიდიან ისე, როგორც ჰყიდდნენ 1990-იან წლებში. მეორეც, მოკვდება ბავშვების ინტერესი მათემატიკის, ბიოლოგიის, ქიმიის და ფიზიკის სწავლების. ეს საგნები კი 21-ე საუკუნის უმნიშვნელოვანესი საგნებია. ის პიარული სიუჟეტები, რომ კომპიუტერული პროგრამებით ვასწავლით, ბლეფია," - აცხადებს შაშკინი“, - წერს სტატიის ავტორი.

"თუ გვაქვს შემდგარი სახელმწიფო, მაშინ ყველა სფეროში რატომაა პრობლემები?" - იგორ კვესელავა

"შიდაპარტიული დაპირისპირება ყველა ხელისუფლების დროს იყო და არც მომავალი ხელისუფლება იქნება ამისგან დაცული, მაგრამ შიდაპარტიულმა კონფლიქტმა, რომელიც "ოცნებაში" დაიწყო, დღეს ღია სახე მიიღო და ამაში ჩართულია საზოგადოებაც და ოპოზიციაც", - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "თუ გვაქვს შემდგარი სახელმწიფო, მაშინ ყველა სფეროში რატომაა პრობლემები?" - იგორ კვესელავა

"იგორ კვესელავას თქმით, შიდაპარტიული დაპირისპირება ყველა ხელისუფლების დროს იყო და ვერც მომავალი ხელისუფლება იქნება ამისგან დაცული. მაგრამ ჩემი აზრით, კონფლიქტი გარეთ არ უნდა გამოსულიყო და პარტიის შიგნით უნდა მოგვარებულიყო. მაგრამ ეს ვერ მოხერხდა და ახლა ამ პროცესში ჩართულია საზოგადოებაც და ოპოზიციაც. თავიდან ვერ ავიცილეთ ვერც შიდაფრაქციული კონფლიქტი, რადგან პარლამენტში არის ჯგუფები, რომლებსაც თავისი ინტერესები აქვთ. 10-კაციანია თუ 15-კაციანი, მნიშვნელობა არა აქვს. ფაქტია, რომ მათ შორის დაპირისიპრება გრძელდება“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ბესელიას ნამდვილად არ გაუჭირდება პარლამენტში ფრაქცია შექმნას, საკმაო მხარდამჭერებიც ჰყავს. დარწმუნებული ვარ ეს ძლიერი ფრაქცია იქნება. რაც შეეხება ახალი პარტიის შექმნას, ეს მარტივი საქმე არ არის. არა მგონია, რომ უახლოეს მომავალში ეს მოხდეს, თუმცა პროცესი დაწყებულია და მას ვერავინ შეაჩერებს. ბესელიას ახალი პარტია იქნება თუ სხვისი, პირველ რიგში მათ საკუთარი პროგრამები უნდა წარმოადგინონ, როგორ აპირებენ მდგომარეობის შეცვლას ქვეყნის და ხალხის სასიკეთოდ. დღეს უმძიმესი ეკონომიური ვითარებაა, ქვეყანაში არიან მხოლოდ ღარიბები და მდიდრები, საშუალო ფენა აღარ არსებობს. თუ შეიქმნება ისეთი პოლიტიკური პარტია, რომელიც საშუალო ფენის ინტერესებს დაიცავს, პირადად მე მივესალმები“, - განაგრძობს გამოცემა.

"მხოლოდ მმართველი გუნდის ერთობის შენარჩუნება არ უნდა იყოს ქვეყნისთვის მთავარი თემა, "ბესელია, ბესელია"-ს რომ გაიძახის დღეს ყველა. მთავარია, სახელმწიფო დაემსგავსოს სახელმწიფოს. მე ვეკითხები ყველას, გვაქვს ჩვენ შემდაგრი სახელმწიფო? თუ გვაქვს, მაშინ ყველა სფეროში რატომ გვაქვს პრობლემები? ჩემი სფეროდან დავიწყებ. განათლების მინისტრს დიდ პატივს ვცემ, იგი დაგვპირდა, რომ რეფორმები დაიწყება, მაგრამ ნახეთ, რა ხდება? წამოვიდა კრიტიკის ტალღა. ყველას თავის ინტერესი აქვს, რეპეტიტორს უნარების გამოცდების გაუქმება არ მოსწონს, მასწავლებელს ეშინია, თუ მე-12 კლასი არ იქნება, საათებიც აღარ ექნება. მითხარით ერთი, ვინ დადის მე-12 კლასში, ყველა მოწაფე უმაღლესში ჩასაბარებლად ემზადება, მაშინ, თუ არ დადის, რისთვის უნდათ მე-12 კლასი?! ბრძოლა იმაზე კი არ მიდის, სისტემა განვითარდეს და სწორი ორგანიზებით მოგვარდეს პრობლემები, დროს პოლემიკაში ხარჯავენ. ამ დროს კი განათლება და მეცნიერება დაღმავალი გზით მიექანება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ სასწრაფოდ უნდა გატარდეს რეფორმები ყველა სფეროში. ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ერთი წელი ითხოვა ქვეყანაში მდგომარეობის დასალაგებლად, 2-წლიანი პროგრამა მაინც უნდა წარმოადგინოს რომელიც შესრულებადი იქნება. მარტო მინისტრების და პარლამენტარების ინფორმაციას კი არ უნდა დაეყრდნოს, რომ ეუბნებიან ყველაფერი კარგად არისო, თავის საკუთარი წყარო უნდა ჰქონდეს, და ეს წყარო არის ქართველი ხალხი, რომელიც უტყუარ ინფორმაციას მიაწვდის, რა ხდება ქვეყანაში“, - წერს სტატიის ავტორი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს