კახა კახიშვილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

მათი ინფორმაციით, კახა კახიშვილმა ევროკავშირის საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მაღალ მაჩვენებელს გაუსვა ხაზი. მისი თქმით, საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს და ევროპული პრინციპების დანერგვას ისახავს მიზნად.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ადამიანის უფლებების მიმართულებით ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს ეფექტიანობის გაზრდისთვის აუცილებელია ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება. კახა კახიშვილის თქმით, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია საკმაოდ აქტიურად მუშაობს და ევროკავშირს ამ კუთხით გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„განვიხილეთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი. კერძოდ, ვისაუბრეთ ადამიანის უფლებების, გენდერის საკითხებზე, ასევე საჯარო მმართველობის რეფორმაზე. ამ მიმართულებით დიდი ხანია ერთობლივად ვმუშაობთ და აქტიურად ვთანამშრომლობთ მთავრობის ადმინისტრაციასთან,“ - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

შეხვედრის დასასრულს კახა კახიშვილმა ევროკავშირის ელჩს მადლობა გადაუხადა ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის და მზადყოფნა გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებისათვის.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს