ირაკლი აბესაძე - პროკურატურამ სასწრაფოდ უნდა გასცეს კითხვებს პასუხი - ვინ მიიღო პოლიტიკური ნიშნით ია კერზაიას გათავისუფლების გადაწყვეტილება

ჯერი პროკურატურაზეა, რომელმაც სასწრაფოდ უნდა გასცეს კითხვებზე პასუხი - ვინ ახდენდა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლას ია კერზაიაზე, ვინ მიიღო პოლიტიკური ნიშნით მისი დირექტორობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება და ვინ დაგეგმა სადამსჯელო ოპერაცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც აბესაძემ აღნიშნა, დამნაშავე პირები უნდა დაისაჯონ იმისთვის, რომ მომავალში არც ერთ ხელისუფლებას აღარ გაუჩნდეს ცდუნება პოლიტიკური ნიშნით მოახდინოს ადამიანებზე ზეწოლა.

"მიუხედავად იმისა, რომ განათლების მინისტრი ბატიაშვილი ცდილობდა პირდაპირი პასუხებისგან თავის არიდებას, რა თქმა უნდა, ნათელი გახდა გუშინდელი მისი მოხსენებიდან, რომ რეაგირება მოახდინა ანონიმურად შესულ ძალიან სამარცხვინო შინაარსის წერილზე და ამ წერილის საფუძველზე პოლიტიკური ნიშნით დასჯის მიზნით ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში გააგზავნა შემოწმების ჯგუფი. როდესაც ეს ყველაფერი ნათელია ახლა ჯერი არის პროკურატურაზე, პროკურატურამ უნდა გასცეს სასწრაფოდ კითხვებზე პასუხი - ვინ ახდენდა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლას ია კერზაიაზე, ვინ მიიღო პოლიტიკური ნიშნით მისი დირექტორობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება, ვინ დაგეგმა სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც ამ ქალბატონის წინააღმდეგ განხორციელდა, ვინ მონაწილეობდა ამ ყველაფრის ორგანიზებაში, ვინ იყვნენ შემსრულებლები და, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ იმისთვის, რომ მომავალში არც ერთ ხელისუფლებას, არც ერთ ჩინოვნიკს აღარ გაუჩნდეს ცდუნება პოლიტიკური ნიშნით მოახდინოს ადამიანებზე ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით მოხდეს ადამიანების რეპრესირება და დასჯა. მთავარია, რა პასუხები ექნება ამ ყველაფერზე პროკურატურას. მინისტრის მხრიდან და პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან ნათელია, რომ ისინი ამართლებენ ყველაფერ იმას, რაც მოხდა, რის შედეგადაც ია კერზაია გარდაიცვალა, რომელიც სიცოცხლეშივე საუბრობდა რომ მასზე ხორციელდებოდა პოლიტიკური ზეწოლა",- განაცხადა აბესაძემ.

რაც შეეხება ზოგადად მინისტრის გამოსვლის შეფასებას, აბესაძემ განაცხადა, რომ მან განათლების რეფორმის ამ მიმართულებით განხორციელებაში, უმაღლეს სასწავლებლებში და სკოლებში კორუფციის დაბრუნების შესაძლებლობა დაინახა.

„რაც შეეხება განათლების რეფორმას, აქაც წლების განმავლობაში ვხედავთ და არც მინისტრ ბატიაშვილის გუშინდელი გამოსვლა იყო გამონაკლისი, სხვადასხვა მინისტრების მხრიდან ცალკეული გაუაზრებელი ნაბიჯების. ჩვენ ვერ დავინახეთ ვერანაირი ლოგიკური კავშირი გამოცდების გაუქმებასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას შორის სკოლაში, ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი არგუმენტი უნივერსიტეტში ჩასარიცხად ზოგადი უნარების ტესტის გაუქმებასთან დაკავშირებით. ვერ მოვისმინეთ კონკრეტული კვლევების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც მინისტრი ეყრდნობოდა და რაზე დაყრდნობითაც რეფორმის განხორციელებას ცდილობენ. სამაგიეროდ, დავინახეთ უმაღლეს სასწავლებლებში და სკოლებში კორუფციის დაბრუნების შესაძლებლობა, რაც ძალიან მძიმე სენი იყო ქართული საგანმანათლებლო სისტემის წლების წინ. ასეთი რისკის ფასად ასეთი გაუაზრებელი და მოუმზადებელი ნაბიჯების გადადგმა, რა თქმა უნდა, მიუღებელია",- განაცხადა აბესაძემ.

იხილეთ ვიდეო