ნათია მეზვრიშვილი განმარტავს, რა ჩაითვლება ე.წ. ქუჩურ გარჩევად და რა სანქციებს ითვალისწინებს შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტი

ე.წ. ქუჩური გარჩევა 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა.

მეზვრიშვილმა სააგენტოსთან საუბრისას კანონპროექტის დეტალებზე ისაუბრა და განმარტა, რა შემთხვევები ჩაითვლება ე.წ. ქუჩურ გარჩევად.

მისივე თქმით, კანონპროექტი, რომელიც დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრების კრიმინალიზაციას ითვალისწინებს, უკვე მომზადებულია, თუმცა, მთავრობის სხდომაზე მისი განხილვა ჯერ არ მომხდარა.

მეზვრიშვილის განმარტებით, გარდა პატიმრობისა, არის ალტერნატიული სანქციებიც ჯარიმის და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სახით.

„კანონპროექტს მთავრობის მომავალი კვირის სხდომაზე წარვადგენთ, შემდეგ პროცედურულად პარლამენტში წავა და იქ დაიწყება განხილვები. ეს არის ე.წ. კრიმინალური მენტალიტეტის თემა, ასე ვუწოდებდი ამ კანონს, რომელიც ქუჩური გარჩევების საკითხს არეგულირებს და ქუჩური გარჩევების კრიმინალიზებას ახდენს. მაგალითად, წარმოვიდგინოთ ორი დაჯგუფება ქუჩაში შეიკრიბა და ძალადობის, ძალადობის მუქარის, ან სხვა უკანონო მეთოდების გამოყენებით, მათ შორის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, ცდილობს ერთმანეთში არსებული დაპირისპირების გადაჭრას. ამ ტიპის ქმედებებზე სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლი არ არსებობს. გვაქვს ხულიგნობა, იარაღის ტარება, მკვლელობის მცდელობა, მაგრამ სპეციალური მუხლი, ამის მარეგულირებელი, რაც ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, რაც შეიძლება დიდი სამიზნე ჯგუფი ავიღოთ, რომელიც ამ ტიპის ქმედებებშია ჩართული, არ არსებობს.

დაჯგუფებები, რომლებიც ქუჩაში დაიწყებენ, მათ შორის არსებული დაპირისპირების გარჩევას და ამ გარჩევის დროს გამოიყენებენ უკანონო მეთოდებს, დაისჯებიან სისხლის სამართლის წესით, რაზეც კანონპროექტის მიხედვით, სხვადასხვა ტიპის სანქციებია გათვალისწინებული. მათ შორის, თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით. ასევე, არის ალტერნატიული სანქციები - ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. თანხის მინიმალური ოდენობა კონკრეტული მუხლებით განსაზღვრული არ არის, გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსი, სადაც ზოგადად ჯარიმის მინიმალური ოდენობა არის განსაზღვრული, მაქსიმალური ოდენობა დადგენილი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეს შეუძლია ნებისმიერი ოდენობის ჯარიმა გამოიყენოს პირის მიმართ.

ქმედების შინაარსიდან გამომდინარე, ამას თუ მძიმე შედეგი მოჰყვა, მაგალითად, დაიწყო გარჩევა, ერთმანეთის მიმართ ძალადობა გამოიყენეს და ძალადობას მოჰყვა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, დამატებითი კვალიფიკაცია მოხდება შესაბამისი მუხლით.

სანქციის 2 წელზე მეტ ვადაზე გაზრდა მიზანშეწონილი არ იყო პრაქტიკული თვალსაზრისით. თუ ძალადობას დაჭრა მოჰყვა, შესაბამისი მუხლები გვაქვს, რასაც ეს დაემატება და სანქცია უფრო მაღალი იქნება“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

კითხვაზე, თუ როგორ მოხდება ერთმანეთისგან ჩვეულებრივი ჩხუბისა და კრიმინალური გარჩევის გამიჯვნა, მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ ამას მტკიცებულებებით შეძლებენ.

„ყველაფერი მტკიცების თემაა. თუ მტკიცებულებებით დავადასტურებთ, რომ რეალურად გარჩევას ჰქონდა ადგილი და დავის უკანონოდ გადაწყვეტის პროცესში მოხდა უკანონო მეთოდების გამოყენება, რაც ნორმალურ საუბარს თან არ სდევს ხოლმე, მაგალითად, ნორმალურ საუბარში ფიზიკური ძალადობა, მუქარა არ ხდება. თუ ეს ყველაფერი თან არ ახლავს, ეს დასჯადი არ იქნება, მაგრამ თუ მტკიცებულებებით ამას ვადასტურებთ, ეს პირები დაისჯებიან“, - აღნიშნა მან.

თუ როგორ მოხდება მტკიცებულებების მოპოვება, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ამის რეცეპტი არ არსებობს.

„როგორც ყველა სისხლის სამართლის საქმეში, პირების გამოკითხვა, საჭიროების შემთხვევაში მაგისტრანტ მოსამართლესთან დაკითხვა, ჩხრეკა, ამოცნობა და სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები არსებობს, რომელსაც რეცეპტი კონკრეტულ მუხლზე რა საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარდეს, არ აქვს“, - დასძინა მინისტრის მოადგილემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო