შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური ამოქმედდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს „სისტემური განახლების", საგამოძიებო მიმართულების რეფორმის ფარგლებში, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური ამოქმედდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს.

მათივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დანაშაულის ეფექტიან გამოძიებასთან ერთად, მნიშვნელოვანია დანაშაულის მსხვერპლისა და მოწმის მხარდაჭერა, ასევე, მათი დაცვა ხელახალი და განმეორებითი ვიქტიმიზაციისაგან.

„სწორედ ამ პრიორიტეტების გათვალისწინებით შეიქმნა აღნიშნული სამსახური. სამსახურის საქმიანობის მთავარი მიზანი იქნება გამომძიებელსა და დაზარალებულს/მოწმეს შორის ეფექტიანი კომუნიკაცია და დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის გამკლავებაში დახმარება.

სისხლის სამართლის სამართალწარმოებისას კოორდინატორი პრიორიტეტულად განიხილავს იმ მსხვერპლებთან კომუნიკაციის საკითხს, რომლებიც ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების, სექსუალური ძალადობის, ადამიანით ვაჭრობის შედეგად არიან დაზარალებულები. ასევე, პრიორიტეტულია არასრულწლოვან და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დაზარალებულებთან/მოწმეებთან კომუნიკაცია”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შს სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე კოორდინატორები, „საპილოტე“ რეჟიმში, თბილისში, რუსთავსა და მარნეულში იმუშავებენ. ამასთან, აღნიშნულ პოზიციაზე 6 ადამიანი დასაქმდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოორდინატორების პოზიციაზე კანდიდატების შესარჩევად კონკურსი უკვე გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე უმაღლესი განათლების მქონე პირებს.

განაცხადის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე - www.hr.police.ge განაცხადების მიღება 21 თებერვალს დასრულდება”, - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო