აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე – საქართველო რჩება მნიშვნელოვან მოკავშირედ

„საქართველო რჩება მნიშვნელოვან მოკავშირედ რეგიონული სტაბილურობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით,“ - განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ანდრეა ტომპსონმა.

განცხადება ტომპსონმა, თავისი ოფიციალური ტვიტერის გვერდის საშუალებით საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა, რომელიც აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დავით ზალკალიანმა შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ანდრეა ტომფსონთან შეხვედრა 7 თებერვალს გამართა, რა დროსაც მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობა ყველა პრიორიტეტული მიმართულებით უმაღლეს ნიშნულზეა.

მინისტრმა სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოწვევით მონაწილეობა მიიღო ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში. ამასთან, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი ორმხრივი შეხვედრაც. მათ შორის: სახელმწიფო მდივნის თანაშეწესთან ვეს მიტჩელთან. ასევე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან, თეთრი სახლის წარმომადგენლებთან, კონგრესმენებთან და სენატორებთან.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე – საქართველო რჩება მნიშვნელოვან მოკავშირედ