პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში სასწავლო ვიზიტიდან დაბრუნებულ პანკისელ პედაგოგებს უმასპინძლა

ჩემთვის მასწავლებელი წარმოადგენს ყველაზე ღირებულ პროფესიას ნებისმიერ საზოგადოებაში. სწორედ თქვენ განსაზღვრავთ ჩვენი მომავალი თაობებისთვის მთავარ ფასეულობებს, იმ ორიენტირებს, რომელზეც უნდა აშენდეს ჩვენი საერთო ქართული სახელმწიფო“, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში სასწავლო ვიზიტიდან დაბრუნებულ პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მასწავლებლებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, მამუკა ბახტაძემ პანკისელ პედაგოგებს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პედაგოგების ბრიუსელში ვიზიტის მნიშვნელოვან დატვირთვას, ვინაიდან მათ ჰქონდათ საშუალება, უშუალოდ გაცნობოდნენ ნატოსა და ევროკავშირის ინსტიტუტების სტრუქტურასა და ფუნქციონირების პრინციპებს, ასევე მიეღოთ ინფორმაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ.

„ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი მთავარი მისწრაფებაა. ჩვენი მიზანია, დავუბრუნდეთ ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახს. შესაბამისად, თქვენი ვიზიტი სიმბოლურთან ერთად ძალიან შინაარსობრივია, ვინაიდან გქონდათ საშუალება, თქვენი თვალით გეხილათ ევროპელების განწყობა საქართველოს მიმართ“, - მიმართა პრემიერმა პანკისელ მასწავლებლებს.

პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა პედაგოგების როლზე მომავალი თაობების აღზრდის საქმეში და ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

პანკისელმა მასწავლებლებმა პრემიერ-მინისტრს სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება გაუზიარეს და მადლობა გადაუხადეს იმ პროექტის განხორციელების მხარდაჭერისთვის, რომელმაც მათ ევროკავშირისა და ნატოს შესახებ პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და ცნობიერების ამაღლების საშუალება მისცა.

შეხვედრის შემდეგ, პროექტში - „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება პანკისის ხეობის მასწავლებლებისთვის“, წარმატებული მონაწილეობისთვის პედაგოგებს სერთიფიკატები გადაეცათ.

პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორებისგან შემდგარი 20-კაციანი ჯგუფის სასწავლო ვიზიტი ბრიუსელში 3-7 თებერვალს შედგა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ევროკავშირის სტრუქტურებსა და ნატოს შტაბბინაში, ასევე - ბელგიის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ადგილობრივი განათლების სისტემისა და ამ კუთხით ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით.

პროექტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან თანამშრომლობით განხორციელდა.

პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა