მიხეილ ბატიაშვილი ოპოზიციას - თუ გყოფნით უნარი, რომ 4-5 წამიანი მასალა გაუშვათ, მაშინ გაუშვით ბოლომდე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ ვიდეოს, რომელშიც პარტიის წარმომადგენელი განათლების სამინისტროში ანონიმური წერილის შეტანას ცდილობს, მიხეილ ბატიაშვილი მონტაჟს უწოდებს. განათლების მინისტრმა „ევროპული საქართველოს“ წევრებს მოუწოდა, აღნიშნული ვიდეო ბოლომდე აჩვენონ.

„მე მინდა, ყველა დეპუტატს საქმიანი კრიტიკის გამოთქმისთვის მადლობა გადავუხადო, მაგრამ მეორე, რასაც ვუსმენდი, ეს არის აბსოლუტური აბსურდი და ეს არის აბსოლუტური ტყუილი. დამონტაჟებულ, 4-5 წამიან მასალაზე მინდა მოგიწოდოთ, რომ თუ გყოფნით იმის უნარი, რომ ასეთი მასალა გაუშვათ, მაშინ გაუშვით ბოლომდე,“ - განაცხადა მინისტრმა.

„ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით ვიდეო წარმოადგინა, რომელშიც პარტიის წარმომადგენელი განათლების სამინისტროში ანონიმური წერილის შეტანას ცდილობს. ვიდეოში ჩანს, რომ აღნიშნულ პირი წერილს ვერ აბარებს, თუკი ამ წერილში ვინაობასთან ერთად, მოქალაქის პირადი ნომერიც არ არის მითითებული.