შოთა ხაბარელი - სპორტთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მოჭარბებული კითხვები ლოგიკაში არ ჯდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მოჭარბებული კითხვები სპორტთან დაკავშირებით, ლოგიკაში არ ჯდება“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა შოთა ხაბარელმა პლენარულ სესიაზე განაცხადა.

პარლამენტის წევრმა 2012 წლამდე ქართულ სპორტში არსებული სიტუაცია მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ,,ქართულ სპორტს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა“.

„ამ ზიანის გამოსწორებას წლები დასჭირდება. მათ გააუქმეს ყველა სპორტული სკოლა, აკადემია, კოლეჯი, ყველა პედაგოგიურ უნივერსიტეტში მოსპეს სპორტული ფაკულტეტები. კატასტროფული შედეგი მივიღეთ. დღეს, 25 წლამდე ყოველ მესამე ახალგაზრდას ჭარბი წონა და სკოლიოზი აწუხებს. ქვეყანას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს. თითქმის არ არის ახალგაზრდა, დაავადებული რომ არ იყოს. 2012 წლიდან კი იყო პოლიტიკური ნება აღგვედგინა სპორტის აკადემია. დღეს ფედერაციებს აკრიტიკებენ, მე მესმის არის დარღვევები, მაგრამ ის დაავიწყდათ ნემსაძე რომ დაინიშნა ფედერაციის პრეზიდენტად, იმ ჭკუათმყოფელმა ადამიანმა, ახლა შორიდან რომ გვმოძღვრავს, დარეკა და ხუთ წუთში გადააყენა?! თქვენი რიტორიკა შეუსაბამოა კოლეგებო“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა და იქვე დასძინა, რომ სკოლებში სპორტის მასწავლებლები არაკვალიფიციური კადრები არიან და მხოლოდ 27 %-ია განათლებით სპორტის პედაგოგი.

ხაბარელმა განათლების მინისტრს თხოვნით მიმართა, მეტი ყურადღება დაუთმოს სპორტს და თავისი მოსაზრება დააფიქსირა სპორტის სამინისტროს განათლების სამინისტროსთან გაერთიანების შესახებ.

,,სპორტში ჩადებული ერთი ლარი პერსპექტივაში იძლევა 13-14 ლარის ამონაგებს. მეტი ყურადღება უნდა მიექცეს სპორტულ განათლებას, სპორტის უნივერსიტეტს სჭირდება ფინანსური დახმარება და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება. აუცილებელია სპორტი ჩამოყალიბდეს ცალკე ერთეულად. ამ სფეროში დიდი გამოწვევებია და ამიტომ ეს უნდა გაკეთდეს მალე“, - დასძინა დეპუტატმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა