სერგო მეთოფიშვილი პარლამენტის 9 დეპუტატს მოუწოდებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას დაესწრონ

იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი, სერგო მეთოფიშვილი პარლამენტის 9 დეპუტატს, რომლებმაც მოსამართლეთა უვადოდ განმწესებაზე პროცესის შეჩერების თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, მოუწოდებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას დაესწრონ. აღნიშნულის შესახებ მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც ცნობილია, საბჭოს სხდომა 11 თებერვალს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობის ნაცვლად, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

„2019 წლის 11 თებერვალს, 11:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლითი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. დღის წესრიგი ატვირთულია საბჭოს ვებ-გვერდზე. ერთ-ერთი საკითხი არის - მსჯელობა კანონპროექტზე „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას.

მინდა, თხოვნით მივმართო საქართველოს პარლამენტის იმ ცხრა პატივცემულ დეპუტატს, რომლებმაც მოამზადეს აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა, კერძოდ, პატივცემულ დეპუტატებს ვთხოვ, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მობრძანდნენ საბჭოს სხდომაზე, სადაც ჯანსაღ ვითარებაში მოვისმენთ ყველა დაინტერესებული მხარის სამართლებრივ არგუმენტებს, გავცვლით პოზიციებს და ერთად ვიმსჯელებთ ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე. მიმაჩნია, რომ პირველ რიგში საზოგადოებისათვის იქნება ძალიან საინტერესო ჩვენ შორის ასეთ ფორმატში მსჯელობა. გულწრფელად ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ პატივცემული დეპუტატები დათანხმდებიან ამ ფორმატზე, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შორის დიალოგი ამ თემაზე მხოლოდ დადებით გავლენას მოახდენს მიმდინარე პროცესებზე.

ამასთან, იმედი მაქვს, რომ საბჭოს წევრები - ნაზიბროლა ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე აუცილებლად მობრძანდებიან სხდომაზე და არ აარიდებენ თავს სამართლებრივ მსჯელობას. მათი სამართლებრივი არგუმენტები, თუ რატომ უჭერენ მხარს ამ ინიციატივას, განსაკუთრებით საინტერესოა“, - წერს სერგო მეთოფიშვილი.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტს თანამოაზრე კოლეგებთან ერთად მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას სთავაზობს, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესის შეჩერებას გულისხმობს. კანონპროექტს ხელს აწერენ: გედევან ფოფხაძე, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე, ოთარ ჩრდილელი, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო