თამარ ხულორდავა - კანონით უნდა გამკაცრდეს სახელმწიფო პოლიტიკა იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ხელს უწყობენ უკანონო მიგრაციას

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო უკანონო მიგრაცია და საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა, რაც 2018 წლის განმავლობაში შვედეთში დაფიქსირდა.

„ვისაუბრეთ საქართველოდან შვედეთში უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდაზე, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა იმის გათვალისწინებით, რომ წელს, მაისში საერთო ევროპული არჩევნებისთვის ეს თემა შესაძლოა გახდეს პოლიტიკური მანიპულირების საგანი სხვადასხვა რადიკალური და ულტრამემარჯვენე ძალების მხრიდან“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დინამიკა შენარჩუნდება, გარკვეული პოლიტიკური სირთულეები წარმოიშობა და დღის წესრიგში შესაძლოა დადგეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი.

„არც ევროკავშირს და არც შვედეთს არ სურს, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი არათუ ამოქმედდეს, არამედ ისიც კი, რომ ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყოს. ამიტომ, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან და ვმსჯელობთ შესაძლო საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ღონისძიებებზე, რამაც უნდა განმუხტოს სიტუაცია. ერთ-ერთი ღონისძიება იქნება სახელმწიფო პოლიტიკის გამკაცრება იმ პირების და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ხელს უწყობენ უკანონო მიგრაციას“, - აღნიშნა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ხულორდავას განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზეც და ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე.

„ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ შვედეთში თავშესაფრის მოთხოვნა არის აბსოლუტურად უსარგებლო. დღეს ელჩმა დაადასტურა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, ამ განაცხადების დაკმაყოფილების მაჩვენებელი ნულის ტოლია. ამ გზით სვლას არანაირი შედეგი არ მოაქვს, ამიტომ მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, არ აიღონ დამატებითი ფინანსური ვალდებულებები მხოლოდ იმისთვის, რომ უკან დააბრუნონ საკუთარ ქვეყანაში და აღარ მიეცეთ გარკვეული ვადით ლეგალურად შენგენის სივრცეში შესვლის უფლება. თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა გავუფრთხილდეთ ამ მნიშნელოვან მონაპოვარს“- განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო