თსუ-ს სპორტსმენებმა უნივერსიტეტის იუბილე გამარჯვებით აღნიშნეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტის 101 წლის იუბილე გამარჯვებით აღნიშნეს.როგორც „ინტერპრესნიუსს“ უნივერსიტეტიდან აცნობეს, თსუ-ს საკალათბურთო გუნდი „თსუ-ჰიუნდაი“ ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ფინალში, რომელიც ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა, თსუ-ელებმა „დელტა“ ანგარიშით 89:77 დაამარცხეს. არა მხოლოდ მატჩის, მთლიანი ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად „თსუ-ჰიუნდაის“ გამთამაშებელი კორი სანდერსი დასახელდა. კორი სანდერსმა გუნდს ფინალში 20 ქულა მოუტანა.

თსუ-სა და „ჰიუნდაის“ შორის თანამშრომლობა ორი წლის წინ დაიწყო. ახალი ფორმაციის გუნდი, გასულ წელს, საქართველოს უმაღლეს ჩემპიონატში დაბრუნდა და წელს პირველი ტიტული მოიპოვა.