სერგო მეთოფიშვილი - მივმართავ ეკა ბესელიას და მის თანამოაზრე კოლეგებს, შეწყვიტეთ თავდასხმა,  შეწყვიტეთ მუქარა!

ისინი ცდილობენ სასამართლოზე გავლენების მოპოვებას, ცდილობენ დაიმორჩილონ სასამართლო სისტემა!- ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე „ქართული ოცნების“ დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებას. დეპუტატი ბესელია აცხადებს, რომ მომზადებული ინიციატივა,რომელმაც იუსტიციის საბჭოს ზოგიერთი წევრი გაანერვიულა, იმას ნიშნავს, რომ მათ მოსამართლეთა უვადო განმწესება უნდა შეაჩერონ.

„დეპუტატ ეკა ბესელიას და მის თანამოაზრე კოლეგების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესის შეჩერების თაობაზე, და საერთოდ ბესელიას და მისნაირი პოლიტიკოსების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები და ზოგადად მათი სასამართლო ხელისუფლებისადმი მიდგომა და დამოკიდებულება, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას და გარდა იმისა, რომ არის დისკრიმინაციული და ანტისახელმწიფოებრივი, ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და პრაქტიკას. საზოგადოებას მინდა მოვახსენო, რომ არსებობს ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) დასკვნა #1 (2001), სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მოსამართლეთა შეუცვლელობის სტანდარტების შესახებ. https://rm.coe.int/opinion-no-1-2001-of-the-cons…/1680748200 ამ დასკვნაში ყურადღებას გავამახვილებ შემდეგ, ჩემი აზრით, მნიშვნელოვან ასპექტებზე:

“10. მოსამართლეთა დამოუკიდებლობა კანონის უზენაესობის წინაპირობასა და სამართლიანი სასამართლოს არსებით საწინდარს წარმოადგენს.

... მოსამართლეთა დამოუკიდებლობა არ არის პრეროგატივა ან პრივილეგია მოსამართლეთა სასარგებლოდ, არამედ ემსახურება კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების მაძიებელი პირების ინტერესებს”

“14. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ეროვნული სტანდარტებით რაც შეიძლება მაღალ დონეზე უნდა იყოს გარანტირებული. შესაბამისად, სახელმწიფოებმა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის კონცეფცია კონსტიტუციით უნდა მოაწესრიგონ...”

“19. დაუშვებელია მოსამართლეთა დანიშვნა ან დაწინაურება ვიწრო პარტიულ პოლიტიკურ შეხედულებებს ემყარებოდეს. თუ არსებობს დანიშვნა-დაწინაურების ვიწრო პარტიული პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე განხორციელების რისკი, ან ასეთი ალბათობა, ასეთი მეთოდი უფრო სახიფათოა, ვიდრე ეფექტური.”

მოსამართლეთა დიდი ქარტიის “მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიების შესახებ” თავის მე-5 პუნქტში ნათქვამია: “გადაწყვეტილებები შერჩევის, წარდგენის და კარიერის შესახებ უნდა ემყარებოდეს ობიექტურ კრიტერიუმებს და მიღებულ იქნეს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ.” ევროპის საბჭოს ისეთი ინსტრუმენტი, როგორიც არის მოსამართლეთა წესდების ეროვნული ქარტია ითვალისწინებს შემდეგს:

„მოსამართლის შერჩევასთან, აყვანასთან, დანიშვნასა და კარიერულ წინსვლსთან ან უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, წესდება ითვალისწინებს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი ორგანოს ჩარევას, რომლის შემადგენლობის სულ მცირე ნახევარზე მეტი წარმოადგენს საკუთარი კოლეგების მიერ არჩეულ მოსამართლეებს.”

“45. ისეთ სამართლებრივ სისტემებშიც კი, სადაც დაცულია მაღალი სტანდარტები ტრადიციების ან არაფორმალური თვითდისციპლინის შედეგად, და რომლებიც, როგორც წესი, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების კონტროლს ექვემდებარება, უკანასკნელი წლების განმავლობაში სულ უფრო მეტად ხდება უფრო ობიექტური და ფორმალური გარანტიების საჭიროების აღიარება. სხვა სახელმწიფოებში, განსაკუთრებით ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში, ასეთი გარანტიების აუცილებლობა უაღრესად აქტუალურია. ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს მიაჩნია, რომ ევროპული ქარტია, რომელიც ითვალისწინებს დამოუკიდებელი ორგანოს (საქართველოს შემთხვევაში ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო!) ჩარევას, რომელშიც მოსამართლეების მიერ დემოკრატიული პრინციპით არჩეული კოლეგები ფართოდ არიან წარმოდგენილნი, შეესაბამება ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს მიერ მოწონებულ მიდგომას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისათვის, სადაც არ არსებობს სხვაგვარი, დიდი ხნის წინ დამკვიდრებული და დემოკრატიული გზით გამოცდილი სისტემები”

“48. ევროპის ქვეყნებში, საზოგადოდ, მოსამართლეების თანამდებობაზე დანიშვნა ხდება ოფიციალური საპენსიო ასაკის მიღწევამდე ვადით. (ანუ როგორც ეს საქართველოშიც ხდება!) ასეთი მიდგომა ყველაზე ნაკლებ პრობლემას ქმნის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით.”

“60.(ა) მოსამართლეთა შეუცვლელობა მათი დამოუკიდებლობის კონკრეტული შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს და უნდა იქნას უზრუნველყოფილი შიდა ნორმებში, უმაღლეს დონეზე.”

ყველაზე საინტერესოა, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას და მის თანამოაზრე კოლეგების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში ნახსენენია - ევროპული კომისიის სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად, ანუ ე.წ. ვენეციის კომისიის 2017 წლის 19 ივნისის N876/2017 დასკვნა. (https://gdi.ge/uploads/other/0/620.pdf)

ამ დასკვნაში კი მკაფიოდ და გარკვევით დაფიქსირებულია, რომ “სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შესახებ ანგარიშში, ვენეციის კომისიამ გამოთქვა აზრი, რომ: „ჩვეულებრივი (არასაკონსტიტუციო) სასამართლოების მოსამართლეთა დანიშვნა არ უნდა იყოს საპარლამენტო კენჭისყრით გადასაწყვეტი, ვინაიდან არ შეიძლება გამოირიცხოს საფრთხე, რომ პოლიტიკური მოსაზრებები გადაწონის კადიდატის ობიექტურად ღირებულ მხარეებს. სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის სათანადო მეთოდია სამოსამართლო საბჭოს შექმნა, რომელიც შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და ავტონომიის კონსტიტუციური გარანტიებით უნდა იყოს აღჭურვილი. ასეთ საბჭოს უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი ზეგავლენა მოსამართლეთა გამწესებასა და დაწინაურებაზე და მათ მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარებაზე“.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, უფრო მარტივი ენით, რომ ვთქვათ, ნახსენები საერთაშორისო დოკუმენტები გვაძლევენ შემდეგ რეკომენდაციებს:

1. მოსამართლეთა დამოუკიდებლობა ემსახურება საზოგადოებას, ანუ ხალხს! და არა მოსამართლეებს, დეპუტატებს, მთავრობას ან პოლიტიკურ პარტიებს!

2. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა კონსტიტუციით უნდა იყოს გარანტირებული!

3. უნდა გამოირიცხოს მოსამართლეთა დანიშვნა-დაწინაურება ვიწრო პარტიული პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე!

4. იმისათვის, რომ გამოირიცხოს პოლიტიკური გავლენა მოსამარათლეთა დანიშვნა-დაწინაურების საკითხსში, აღნიშნული უფლებამოსილება არ უნდა განახორციელოს არც საკანონმდებლო ხელისუფლებამ, არც მთავრობამ, ამ საკითხის გადაწყვეტა უნდა გადაეცეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელ ორგანოს, რომლის შემადგენლობის სულ მცირე ნახევარზე მეტი წარმოადგენს საკუთარი კოლეგების მიერ არჩეულ მოსამართლეებს.(საქართველოს სინამდვილეში ასეთი ორგანო არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო!)

5. მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპი დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანეს ელემენტს უნდა წარმოადგენდეს!

6. მოსამართლეთა სამუდამოდ (საპენსიო ასაკის მიღწევამდე ვადით) დანიშვნა ყველაზე ნაკლებ პრობლემას ქმნის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით!

ისმის კითხვა - თუ დეპუტატების ამ ჯგუფმა არ იციან საერთაშორისო და ევროპული პრაქტიკა სასამართლო სისტემის შესახებ, არ იციან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ამ თემაზე შემუშავებული რეკომენდაციები და დასკვნები, მაშინ საერთოდ რატომ ეხებიან სასამართლოს სისტემას? ხოლო, თუ იციან საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები და პრაქტიკა, მაშინ რატომ უვლიან გვერდს ამ სტანდარტებს? რატომ არიან ისინი პროგრესის წინააღმდეგ?

რატომ ებრძვიან ისინი საკუთარი ქვეყნის ჯანსაღ, კომპეტენტურ, კეთილსინდისიერ და თანამედროვე სასამართლო სისტემას? რატომ ამახინჯებენ რეალობას?

კარგი იქნება თუ გვიპასუხებენ ამ კითხვებზე. თუმცა, თუ არ გვიპასუხეს, იმედი მაქვს, რომ მოვა ის დრო, როდესაც საზოგადოება მიხვდება და დარწმუნდება თუ რატომ აკეთებენ ამას! პირადად ჩემთვის კი პასუხი ნათელია - ისინი ცდილობენ სასამართლოზე გავლენების მოპოვებას, ცდილობენ დაიმორჩილონ სასამართლო სისტემა!

კიდევ ერთხელ მინდა მივმართო დეპუტატ ეკა ბესელიას და მის თანამოაზრე კოლეგებს, რომლებმაც მომზადეს საკანონმდებლო ინიციატივა, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესის შეჩერების თაობაზე:

მკაფიოდ ვაფიქსირებ, რომ მსგავსი ქცევა და ქმედება (ვგულისხმობ თქვენ ბოლო საკანონმდებლო ინიციატივას და ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს) წარმოადგენს თავდასხმას დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციაზე, ანუ თავდასხმას საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციაზე, ასევე წარმოადგენს თავდასხმას საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების სხვა შტოს ლეგიტიმურობაზე. ასეთი ქცევა ასევე წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების დარღვევას! შეწყვიტეთ თავდასხმა! შეწყვიტეთ მუქარა!“ - წერს სერგო მეთოფიშვილი სოციალურ ქსელში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს