დიმიტრი გვრიტიშვილი - მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერების ინიციატორები „სააკაშვილის დროინდელ გადმონაშთებს“ და ,,ანასხლეტებს“ გვიწოდებენ, არადა, ისინი  სწორედ იმ წარსულს აბრუნებენ

მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესის შეჩერების ინიციატივით სწორედ წარსულს აბრუნებენ, იმ ,,სააკაშვილის“ წარსულს, როცა უფლებამოსილების ვადა დამოკლეს მახვილივით ეკიდა მოსამართლის თავზე, - ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატების იმ ინიციატივას, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ განმწესებაზე პროცესის შეჩერებას გულისხმობს.

„გარდა იმისა, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების მორატორიუმის ინიციატივა ანტიკონსტიტუციური და დისკრიმინაციულია, პარადოქსულიცაა შემდეგი თვალსაზრისით:

ინიციატორები თავს იწონებენ პროგრესულობით, ,,სამართლიანობის აღდგენის“ განზრახვით, ჩვენ ხომ ,,სააკაშვილის დროინდელ გადმონაშთებს“, ,,ანასხლეტებს“ გვიწოდებენ, რომლებიც წარსულს უნდა ჩაბარდნენ!

არადა, ამ ინიციატივით სწორედ წარსულს აბრუნებენ, იმ ,,სააკაშვილის“ წარსულს, როცა უფლებამოსილების ვადა დამოკლეს მახვილივით ეკიდა მოსამართლის თავზე!

მართლაც პროგრესული ყველა სუბიექტი ერთხმად აღიარებს, რომ მოსამართლის უვადოდ დანიშვნა მისი დამოუკიდებლობის ძირითადი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ მოიწონა ვენეციის კომისიამ საქართველოში 2017 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის ძირითადი, ისტორიული მიღწევა ყველა დონის (მათ შორის - უზენაეს) სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის შემოღებაა.

ამიტომ, თვალთმაქცობს ის, ვინც ამტკიცებს, რომ წარსულის შემობრუნებით და განსაზღვრული ვადით მოსამართლეთა დანიშვნების აღდგენით მიიღწევა პროგრესი. აბსურდია!

მიჩნდება განცდა, რომ მათ არ სურთ საქართველოში დამოუკიდებელი მოსამართლეების არსებობა! ურჩევნიათ ვადით მოწყვლადი მოსამართლეები, რომლებიც ანგარიშს გაუწევენ მავანთ, უფლებამოსილების ვადის გაგრძელებისათვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება, რომელმაც მანამდე არნახული, უპრეცედენტო გარანტიები შექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის, არ დაუშვებს იმ წარსულის დაბრუნებას, რომელსაც თავად ამ ინიციატივის ავტორებიც კი მიიჩნევენ უარყოფითად და ,,გადმონაშთად“! „, - წერს დიმიტრი გვრიტიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტს თანამოაზრე კოლეგებთან ერთად მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას სთავაზობს, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესის შეჩერებას გულისხმობს. კანონპროექტს ხელს აწერენ: - გედევან ფოფხაძე, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე, ოთარ ჩრდილელი, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა