თორნიკე მამალაძე - დეკანოზ გიორგი მამალაძეს ძალიან უჭირს ციხეში ყოფნა, რაც შეიძლება სავალალოდ დასრულდეს

საპატრიარქოსთვის მისაღები იქნება ჩემი ძმა გარდაიცვალოს, რადგან ის ფლობს ინფორმაციას, რაც მათთვის ძალიან შემაძრწუნებელია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა.

ის მეხუთე დღეა, საპატრიარქოსთან აქციას მართავს და ითხოვს, დეკანოზი აზიარონ. როგორც თორნიკე მამალაძე განმარტავს, დეკანოზისთვის ისეთი ინფორმაციაა ცნობილი, რისი გაჟღერებაც საპატრიარქოს არ აწყობს.

„ხვალ ორი წელი გადის, რაც ჩემი ძმა დააკავეს და მეხუთე დღეა, რაც აქ საპროტესტო აქციით ვდგავართ, იქნებ ყურადღება მოგვაქციონ, მაგრამ სამწუხაროდ, ყურადღებას არ გვაქცევენ. საპატრიარქომ ერთი განცხადება გააკეთა და ამ განცხადებით უფრო დავრწმუნდი, რომ ამ ადამიანებს არ სურთ ჩემი ძმა ცოცხლად გამოვიდეს, ვინაიდან მან ისეთი რაღაცეები იცის, რაც მათთვის მიუღებელია სხვამ იცოდეს. აქედან გამომდინარე, ისინი ცდილობენ, ჩემი ძმა საპყრობილედან საერთოდ ცოცხალი არ გამოვიდეს“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

მისივე თქმით, ორი წლის მანძილზე დეკანოზს მისი და ადვოკატების გარდა, ციხეში არავისთან კომუნიკაცია ჰქონია.

„მას ძალიან უჭირს ციხეში ყოფნა, რაც შეიძლება სავალალოდ დასრულდეს. საპატრიარქოსთვის მისაღები იქნება ჩემი ძმა გარდაიცვალოს, რადგან ის ფლობს ინფორმაციას, რაც მათთვის ძალიან შემაძრწუნებელია. ამ ინფორმაციის გავრცელებით, არამხოლოდ საქართველოში, არამედ, მსოფლიოში შეიქმნება ძალიან უხერხული სიტუაცია.

რაღაც დეტალები ვიცი, თუმცა, ეს ყველაფერი ბოლომდე არც მინდა გავიგო, რადგან შეიძლება ჩემი სულიერი მდგომარეობა შეირყეს. ვცდილობ, დეტალებში არ ჩავეძიო. ამ ორი წლის მანძილზე რომელი პიროვნებებიც აქტიურობდნენ, სავარაუდოდო, ამ პიროვნებებზეც არის ინფორმაცია. აქ მხოლოდ ერთ ადამიანზე და სამწუხაროდ, მხოლოდ ფინანსურ პრობლემბეზე არ არის საუბარი. როგორც ვიცი, ზნეობრივ პრობლემებთან დაკავშირებული ინფორმაციებია“, - აღნიშნავს მამალაძე.

როგორც თორნიკე მამალაძე აღნიშნავს, მას პატრიარქისგან აღნიშნულ საქმეზე რეაგირების მოლოდინი ჰქონდა, თუმცა, ეს იმედი რამდენიმე დღის წინ გაუცრუვდა.

„გუშინწინ, პატრიარქი ქობულეთიდან ჩამობრძანდა. წარმოუდგენელია, ადამიანს ეს კარავი აქ არ ენახა, დარწმუნებული ვარ, მან თავისი თვალით ნახა ეს სიტუაცია, რაც მინიმუმ, უხერხულ მდგომარეობას უნდა უქმნიდეს, მაგრამ სამწუხაროდ, არც პატრიარქის ჩამოსვლის შემდეგ მოყოლია ამ საპროტესტო აქციას გამოხმაურება“, - აცხადებს თორნიკე მამალაძე.

იხილეთ ვიდეო: საპატრიარქო ცდილობს, რომ ჩემი ძმა საპყრობილედან ცოცხალი არ გამოვიდეს, მათთვის მისაღებიც იქნება რომ გარდაიცვალოს - თორნიკე მამალაძე

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა