იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი - იდეაც კი, მოსამართლეთა უვადო დანიშვნის შეჩერების შესახებ, სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გალაშქრებაა

ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების ინივიატივა, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ, არ შეესაბამება კონსტიტუციის მოქმედ რედაქციას და ეს არის ამ კონსტიტუციის მიზანმიმართულად, არასწორად განმარტების მცდელობა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი რევაზ ნადარაია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

ის ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატების იმ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესის შეჩერებას გულისხმობს. მოსამართლე რევაზ ნადარაიას თქმით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა სრულ შესაბამისობაშია ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციათა დასკვნებთან და რეკომენდაციებთან.

ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების ინივიატივა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ არ შეესაბამება კონსტიტუციის მოქმედ რედაქციას და ეს არის ამ კონსტიტუციის მიზანმიმართულად, არასწორად განმარტების მცდელობა.

ვახდენ კონსტიტუციის იმ მუხლის ციტირებას, რაზეც აპელირებენ ინიციატივის ავტორები: „2024 წლის 31 დეკემბრამდე პირველად განწესების შემთხვევაში უვადოდ განწესებამდე მოსამართლე თანამდებობაზე შეიძლება განწესდეს 3 წლის ვადით“. ამ მუხლში ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ წერია, რომ მხოლოდ პირველად განწესების შემთხვევაში არის შესაძლებელი მოსამართლის სამი წლის ვადით დანიშვნა და ეს არ ეხება სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეს. იმ მოსამართლეს, რომელსაც აქვს სამოსამართლო გამოცდილება, კონსტიტუციის 63-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად ინიშნება უვადოდ. ეს მუხლები იმდენად სრულყოფილად და გასაგებად არის ჩამოყალიბებული, რომ შეუძლებელია მათი სხვაგვარად განმარტება. ამდენად, ეს ინიციატივა შეუთავსებელია კონსტიტუციის მოქმედ რედაქციასთან.

კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში არსებული ჩანაწერი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე სრულ შესაბამისობაშია ვენეციის კომისიის 2017 წლის 19 ივნისის დასკვნასთან, რომელმაც გასცა რეკომენდაცია არა თუ პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეთა, არამედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ. ვენეციის კომისია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ რეკომენდაციებს გასცემს თავის 2010 წლის და 2014 წლის დასკვნებშიც.

გარდა ვენეციის კომისიის დასკვნებისა, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს ჯერ კიდევ 2001 წლის №1 დასკვნის 48-ე პუნქტის თანახმად „ევროპის ქვეყნებში, საზოგადოდ, მოსამართლეები თანამდებობაზე დანიშვნა ხდება ოფიციალური საპენსიო ასაკის მიღწევამდე ვადით. ასეთი მიდგომა ყველაზე ნაკლებ პრობლემას ქმნის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით“, ამავე დასკვნის 57-ე პუნქტის თანახმად: „მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ძირეული პრინციპია თანამდებობაზე ყოფნის გარანტირებული ვადა - დადგენილი საპენსიო ასაკის მიღწევამდე: იხ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძირითადი პრინციპები, მე-12 პუნქტი“, ამავე დასკვნის მე-60 პუნქტის „ა“ ქ/პუნქტის თანახმად: „ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს მიაჩნია, რომ მოსამართლეთა შეუცვლელობა მათი დამოუკიდებლობის კონკრეტული შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს და უნდა იქნას უზრუნველყოფილი შიდა ნორმებში, უმაღლეს დონეზე“.

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა სრულ შესაბამისობაშია ყველა ამ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციათა დასკვნებთან და რეკომენდაციებთან, ბესელიას და მის თანამოაზრეთა ინიციატივა კი წინააღმდეგობაშია როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე ამ საერთაშორისო ორგანიზაციათა დასკვნებთან და რეკომენდაციებთან.

საინტერესოა ვინ უფრო კომპეტენტურია, თუ როგორ უნდა განვითარდეს სასამართლო სისტემა, ეს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, თუ ბესელია, ფოფხაძე და გოგიჩაიშვილი, რომელთა სურვილიც არის საბჭოზე პოლიტიკური კონტროლის მოპოვება (როგორც ფოფხაძე ამბობს). რა თქმა უნდა საერთაშორისო ორგანიზაციები.

საინტერესოა თუ ვის უნდა ვენდოთ, ამ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს, თუ ბესელიას, ფოფხაძეს და გოგიჩაიშვილს, რომელთა სურვილიც არის საბჭოზე პოლიტიკური კონტროლის მოპოვება (როგორც ფოფხაძე ამბობს). რა თქმა უნდა საერთაშორისო ორგანიზაციებს.

იდეაც კი, მოსამართლეთა უვადო დანიშვნის შეჩერების შესახებ, არის გალაშქრება სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, არის გალაშქრება სასამართლო სისტემის, როგორც ინსტიტუციის წინააღმდეგ.

ყველა, ვინც ეუბნება საზოგადოებას, რომ იბრძვის სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის და ამავდროულად იბრძვის მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებისათვის, ატყუებს საზოგადოებას, რადგან უვადოდ დანიშვის შეჩერება ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას“, - წერს რევაზ ნადარაია.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტს თანამოაზრე კოლეგებთან ერთად მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას სთავაზობს, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესის შეჩერებას გულისხმობს. კანონპროექტს ხელს აწერენ: - გედევან ფოფხაძე, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე, ოთარ ჩრდილელი, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს